18-05-2022
გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, ნიკა გვარამიას კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - ამის შესახებ მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ნიკა გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილი პირადი სარგებლობისთვის შეარჩია. უფრო მეტიც, მან ავტომობილი ფიქტიურად გააფორმა მასთან დაკავშირებულ კომპანია „პროესკო მედიაზე“.
მისივე თქმით, დასახელებულ ავტომობილს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან არანაირი შეხება არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მისი ღირებულება „რუსთავი 2“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულებით იფარებოდა და აღნიშნულით კომპანიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი ადგებოდა.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ვეთანხმებით და კანონით დადგენილ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, ნიკა გვარამიას კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როგორც უკვე გითხარით, ნიკა გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილი პირადი სარგებლობისთვის შეარჩია და უფრო მეტიც, მან ავტომობილი ფიქტიურად გააფორმა მასთან დაკავშირებულ კომპანია „პროესკო მედიაზე“.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დასახელებულ ავტომობილს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან არანაირი შეხება არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მისი ღირებულება „რუსთავი 2“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულებით იფარებოდა და აღნიშნულით კომპანიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი ადგებოდა“ - აცხადებს ზვიად გუბელაძე.
16-11-2024
16-11-2024