19-05-2022
მარნეულის საკრებულოს წევრმა მეხტი ასკეროვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ასკეროვი პარტიის წევრებთან უთანხმოებას ასახელებს.
ამის შესახებ ადგილობრივი „მარნეული ტვ“ იუწყება.
მეხტი ასკეროვის თქმით, მან ერთი კვირის წინ საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობა“ დატოვა, დღეს კი პარტიას ტოვებს.
„ერთი კვირის წინ დავტოვე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს, მე ოფიციალურად ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვაგრძელებ საქმიანობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
პარტიის დატოვების მიზეზი სხვა წევრებთან მნიშვნელოვან საკითხებზე არსებული პრობლემები და უთანხმოება გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას საკრებულოში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი“ - აცხადებს ასკეროვი „ტვ მარნეულთან“.
„ნაცმოძრაობის“ მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში ფრაქციის უკვე ყოფილ წევრთან რაიმე სახის უთანხმოებას კატეგორიულად უარყოფენ. მარნეულის საკრებულოს წევრი, ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ არანაირი გაუგებრობა პარტიაში არ არის.
„გუნდი როგორიც იყო ისევ ისეთი ძლიერი გუნდი გვაქვს, ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და საქართველოს გადასარჩენად. რაც შეეხება მეხტი ასკეროვს, არჩევნებზე შემოგვთავაზა თავისი კანდიდატურა, რომ ებრძოლა და შანსი მიეცა, მან ეს სიკეთე ვერ დააფასა და დატოვა ფრაქცია, პარტიის წევრი არც ყოფილა და არც ახლაა“ - აცხადებს ლაშა ქველაძე.
მეხტი ასკეროვი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება ასკეროვმა 13 მაისს, საკრებულოს სხდომაზე მიიღო.
16-11-2024
16-11-2024