26-06-2018
დიდ ქართველ თვითნასწავლ მხატვარს ნიკალას, ერთი ძმობილი, სახელად ბეგო ჰყოლია. ფიროსმანის ერთ-ერთ სურათზე არის კიდევაც წარწერა: ,,კამპანიას გაუმარჯოს, ბეგო ამრავლოს!“
ბეგო მუხრანის ხიდის სიახლოვეს ცხოვრობდა. გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, როდესაც მასთან ნიკალას შესახებ მოგონებების ჩასაწერად მივიდნენ, ძალიან გაუხარდა.
„ხუთი წელიწადი ერთი პურ-მარილი გვქონდა, როგორ დავივიწყებ. მთელი სიცოცხლე სმაში და ხატვაში გამოაღამა! ხატავდა-სასმელი ვიშოვოო, სვამდა-კარგად დავხატოვო!
ერთხელ რიყეზე ერთ მიკიტანს დუქანი მოუხატა, ფული ხელთ არ მისცეს, დაკარგავს ან სხვა გამოართმევსო. ისევ მე მომიტანეს გადასაცემად. ნიკალამ ზედაც არ დახედა. ერთხელ კიდევ ფრანცუზები მოვიდნენ ნიკალას სანახავად, მის სურათებს შემევაჭრნენ. ნიკოს დასტურით მივყიდე, მაგრამ არც ეს ფული აიღო ჩემგან ნიკალამ: ,,ფული რათ მინდაო?“ - იხსენებს ნიკალას ძმობილი.
ბეგო აღფრთოვანებით იგონებს იმ წლებს, როცა ფიროსმანი მასთან იყო შეკედლებული. დუქანში ბეგოს პატარა ოთახი ჰქონდა ცარიელი ბოთლებისთვისდა ეს ოთახი ნიკალას აჩუქა დასადგომად. იქ ცხოვრობდა და მხატვროდა ფიროსმანი 1905-1910 წლებში. ოთახის მოწყობილობა იყო: პატარა ტახტი, ერთი ძველი ვედრო, ფუნჯები, ბოთლები, საღებავები, მუდამ ხატავდა, ხან თავისთვის, ხან ბეგოსთვის. მართალაია ბეგოს კარის მხატვარი იყო, მაგრამ სხვასთან მუშაობასაც არ უშლიდა, პირიქით, ბეგო ეუბნებოდა ნაცნობებს-დაახატვინეთ, სარგო მიეცითო!.
ბეგომ იცოდა მისი ხასიათი და რაც შეეძლო არაფერს აკლებდა. ხშირად ნამუშევარში ტანსაცმელს უყიდდა, აბანოშიც დაჰყავდა, სადილიც და სასმელიც ბევრი ჰქონდა.
„ერთი მითხარი, რომელ დიდ მწერალს ჰქონია ბინა, რომ მე მქონოდესო? ძველად სულ გამოკვეთილ კლდეებში და ქარაფებში უცხოვრიათ წმინდანებივით“ - ამბობდა თურმე ფიროსმანი.
ბეგოს გადმოცემითვე, ნიკალა მხიარული კაცი იყო, რა მოგვიტანია, რა უნდა წავიღოთო? ერთი მეგობარი დამმარხავს, დარდი არ მაქვსო! ,,ვირის კუდივით მოკლეა წუთისოფელი!“-თუ ზარხოშად იყო, ჩუმი ღიღინი უყვარდა, აიღებდა ჭიქას და იტყოდა ,,გაუმარჯოს პავლესა, დაისხამს და დალევსა“.
„აფსუს ჩვენი ნიკალა, უფასოდ წავიდა, ეხლა დაფასდაო“ - სინანულით უთქვამს ბეგოს.
ნიკალას ძმადნაფიცის პორტრეტი, ასევე დიდმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა დახატა.