გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა კანდელაკი მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე: 300 წლის მერე, ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე

28-05-2022

დღეს ქართველები ისევ დაბრუნდნენ წმინდა მიწაზე და ჩვენი კულტურის ცენტრის სახით, ჩვენ გვექნება უმნიშვნელოვანესი ადგილი, სადაც განვითარდება სხვადასხვა მიმართულებით ქართული ღირებულებები, - ამის შესახებ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, 300 წლის მერე, ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე და წმინდა მიწაზე ჩვენი ინტერესების წარმოდგენა, ეს არის მსოფლიო პოლიტიკაში აქტიური ჩართვა.


„გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ქართველებისთვის წმინდა მიწას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. შესაბამისად, უკვე მე-4 საუკუნიდან ჩვენ აქტიურად ვმოღვაწეობთ წმინდა მიწაზე და პირველი ქართული ეკლესია-მონასტრები სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ხვალ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, იმდენად, რამდენადაც არა ერთხელ აღინიშნა, რომ 300 წლის მერე, ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ წმინდა მიწა, ზოგადად, ყველა ქვეყნისთვის არის დიდი პრესტიჟის თემა და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მთელი საუკუნეების მანძილზე. ამავე დროს, ასევე გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ეს არის დიდი მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. წმინდა მიწაზე ჩვენი ინტერესების წარმოდგენა, ეს არის მსოფლიო პოლიტიკაში აქტიური ჩართვა. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით, მაგრამ მთავარია, რომ სწორედ ამ მიწაზე მოღვაწეობდა ჩვენი მაცხოვარი და აქედან გამომდინარე, ამ მიწამ მიიღო ეს უდიდესი დატვირთვა და დღეს ქართველები ისევ დაბრუნდნენ და ჩვენი კულტურის ცენტრის სახით, ჩვენ გვექნება უმნიშვნელოვანესი ადგილი, სადაც განვითარდება სხვადასხვა მიმართულებით ქართული ღირებულებები", -  განაცხადა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა.


როგორც ზაზა კანდელაკმა აღნიშნა, იქნება საზეიმო ღონისძიება, პრეზენტაცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.


„კულტურის ცენტრს ექნება, პირველ რიგში, ის დატვირთვა, რომ აქ, წმინდა მიწაზე უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი ტრადიციული, დიდი კულტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ გარემოსთვის. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სამეცნიერო მუშაობაც იქნება გაწეული. ჩვენი მეცნიერები დაინტერესდებიან მუდმივად აქ ყოფნით, რაც საშუალებას  მისცემს მათ, რომ ბევრ არქივში შევიდნენ და დღემდე უცნობი ზოგიერთი დოკუმენტი ნახონ, რისი საშუალებაც არის აქ. ვფიქრობ, რომ ეს კარგი ქართული კულტურის ცენტრი შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში", -  განაცხადა ზაზა კანდელაკმა.


ზაზა კანდელაკის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ჰქონდათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ასევე იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის არქიეპისკოპოსს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930