გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29-05-2022

რომის  სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 

 

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიაში – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, იგივე გალობის უნივერსიტეტი, რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მხარეებს შორის თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს ითვალისწინებს, როგორებიცაა: ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება, სპეციალიზებული სასწავლო კურსების შემუშავება და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზება, რაც  ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ საერთაშორისო პროექტები და სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით.


ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს – სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართულ უნივერსიტეტებში საერთაშორისო პროგრამების დანერგვა და მჭიდრო თანამშრომლობა ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.


ჩვენ თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს დიდებულ წარსულს, ჩვენს უმდიდრეს კულტურასა და მუსიკალურ საგანძურს. თანამშრომლობა ისეთ ისტორიულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, როგორიცაა რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული საეკლესიო გალობისა და ტრადიციული მუსიკის ფუნდამენტურ შესწავლას, მის პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში.

მჯერა, ევროპულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, თვალნათლივ დაინახონ, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში.


მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მჯერა, ეს პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით დაგვირგვინდება, რაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის ხარისხზეც აისახება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს გალობის უნივერსიტეტის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ როგორც უნივერსიტეტის განვითარებისთვის, ასევე, ქართული საეკლესიო გალობისა და ტრადიციული მუსიკის შესწავლის ხელშეწყობის მიმართულებით.


მინდა, ქართული გალობის აღორძინებასა და ამ დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს და ფონდ „ქართული გალობის“ დამაარსებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ქალბატონ ნანა გოთუასა და მათ ოჯახს.


მნიშვნელოვანია, რომ ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წლიდან ემსახურება ქართული გალობის, სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებას, მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით მეცნიერული კვლევების განხორციელების მხარდაჭერას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი საგალობლების მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ ევროპულ სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობს, რათა ჩვენ მხარი დავუჭიროთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ზრდას.  ამ გზით ხელს შევუწყობთ უმაღლესი განათლების სისტემის ახალ საფეხურზე აყვანას და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებას.


დარწმუნებული ვარ, ქართული გალობის უნივერსიტეტის მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც, თავის მხრივ, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის აკადემიური კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს – თანამშრომლებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან პარტნიორობას და თითოეულ თქვენგანს წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!“

 

მემორანდუმი ითვალისწინებს რომის  სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობას სპეციალიზებული სასწავლო კურსების - სემინარების, კონცერტების, მასტერკლასებისა და კონფერენციების ორგანიზებას. სასწავლებლები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს. ასევე, დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან შეათანხმებს აკადემიურ კურსებთან დაკავშირებული სწავლებისა და დიდაქტიკის წარმოების ინიციატივებს, იმ სასწავლო კურსების საფუძველზე, რომელიც თითოეულ ინსტიტუტს გააჩნია.

 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით ასევე წარდგნენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის რექტორი მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო და წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

 

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას გალობის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სასწავლებლის დეკანმა თამარ ჩხეიძემ.

 

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის კაპელაში საორგანო და ქართული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ წევრებმა ქართული საგალობლები შეასრულეს.

 

მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენმა და მეცენატმა, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ივანე ჩხარტიშვილმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და ანსამბლ „ბასიანის“ წევრებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930