31-05-2022
ამ ყველაფერს "ევროპის სახალხო პარტია" თურმე იმიტომ აცხადებს, რომ ნაცების ლობისტები კი არა, უბრალოდ, მხარს უჭერენ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ხოლო მათი გაგებით, ის, რასაც ქართველმა ხალხმა „სისხლიანი ცხრა წელი“ უწოდა, სწორედ დემოკრატიის ზეიმი და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ბრწყინვალე 9 წელი იყო - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სახელით გამოქვეყნებული ტექსტი, აშკარად ნაცმოძრაობის მიერაა დაწერილი, თანაც ისეთი შინაარსისაა, რომლის საქართველოში გავრცელებას, ნაცები საკუთარი სახელით ვერც გაბედავენ.
მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ გაგებით, ის, რასაც ქართველმა ხალხმა „სისხლიანი ცხრა წელი“ უწოდა, სწორედ დემოკრატიის ზეიმი და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ბრწყინვალე 9 წელი იყო.
„ევროპის სახალხო პარტია: „2012 წლამდე საქართველოში იყო კარგი მმართველობა!“ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სახელით გამოქვეყნდა ტექსტი, რომელიც აშკარად ნაცმოძრაობის მიერაა დაწერილი, თანაც ისეთი შინაარსისაა, რომლის საქართველოში გავრცელებას, ნაცები საკუთარი სახელით ვერც გაბედავენ. მასში არის ფრაზები, რომლის გამოც, ქართველების უმრავლესობა დასცინებს და კიდევ უფრო შეიძულებს. მოვიტანთ EPP-ის სახელით გავრცელებულ ამ ფრაზებს და წარმოვიდგინოთ, როგორ აღიქვამენ ამას საქართველოში: „ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ, კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია, დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა“ - ანუ, ნაცების დროს იყო „კარგი მმართველობა“ და „დემოკრატიული ინსტიტუტები“. ეს რღვევა მოიცავს „დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურად თანაბარ პირობებსა და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს".
ანუ, ნაცების დროს, საქართველოში ყოფილა, „დამოუკიდებელი სასამართლო, მედიის თავისუფლება, პოლიტიკურად თანაბარი პირობები და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები". "დაპატიმრება და შემდგომ, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია, საქართველოს ხელისუფლების მიერ, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ცნობილი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას პატიმრობა კი - საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას, კიდევ უფრო ხაზს უსვამს", - ნათქვამია EPP-ის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ანუ, საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთი, ძებნილი სააკაშვილის დაკავებაც უკანონოა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მეორეში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა და შენობაში ხელში ატატებული შეყვანა (რადგან თვითონ არ შედიოდა) არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ყოფილა. უცხოეთში გადაყვანაზე უარი, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა ყოფილა, ხოლო ნაცების გებელსი, ნიკა გვარამია, უბრალო მედია მენეჯერია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მისი დაპატიმრება, საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. რაც თურმე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას იწვევს. "სახალხო პარტია" ასევე შეშფოთებულია იმით, რომ „ხელისუფლების მიერ, სასამართლო სისტემის, მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად გამოყენება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, სერიოზულად ძირს უთხრის“. თურმე ამ ყველაფრის გამო „საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, კვლავ ეჭვებს აჩენს“.
ანუ, ნაცების დროს სასამართლო სისტემა, არ გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად, მაღალ დონეზე იყო დაცული მედიის თავისუფლებაც, კერძო საკუთრებაც, პატიმართა უფლებებიც, არჩევნებიც თავისუფალი და დემოკრატიული ყოფილა. მოვიდა ახალი ხელისუფლება და ოლიგარქიულმა მმართველობამ, კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა, რამაც გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა. ამ ყველაფერს "ევროპის სახალხო პარტია" თურმე იმიტომ აცხადებს, რომ ნაცების ლობისტები კი არა, უბრალოდ, მხარს უჭერენ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხოლო მათი გაგებით, ის, რასაც ქართველმა ხალხმა „სისხლიანი ცხრა წელი“ უწოდა, სწორედ დემოკრატიის ზეიმი და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ბრწყინვალე 9 წელი იყო. აი ეს არის, საქართველოში, ყველაზე მძლავრი ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის ნიმუში, როდესაც ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ დასავლეთი და „კარგი მმართველობა“ არის სწორედ ის, რასაც თქვენ „სისხლიან 9 წელს“ ეძახდით“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024