გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ამერიკაში ქართული კულტურის ცენტრი რამდენიმეა, აკადემია ერთი - მოცეკვავე, რომელიც ოკეანის გაღმა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის იღწვის

31-05-2022

ქართული ცეკვა ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობის და სიამაყის ერთ-ერთი უმთავრესი საგანია. მისმა სასცენო ხელოვნებამ უმაღლეს დონეს მიაღწია და დამსახურებულად დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოს კულტურის საგანძურში!

 

განსაკუთრებით შეიძლება ამის თქმა  80-იან წლებში ფოლკლორული საცეკვაო ხელოვნების განვითარების შესახებ, რომელიც სუხიშვილების ცნობილი ანსამბლის მეშვეობით მსოფლიომ გაიცნო და ,,მერვე საოცრებადაც'' აღიარა!

 

წარუშლელია ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის კვალი და დამსახურება, რომლებმაც თავი არ დაზოგეს ქართული ცეკვის პოპულარიზაციისათვის. მათ საქმეს დღესაც წარმატებით აგრძელებენ სუხიშვილების შთამომავლები და ასევე, მათი ანსამბლის ყოფილი მოცეკვავეები.

 

სახელოვან მოღვაწეთა ტრადიცია მოცეკვავე ირინა ხუცურაულმა ამერიკაში მოღვაწეობით გააგრძელა. ქართულმა ცეკვამ ადრეული ასაკიდანვე აიყოლია. ცეკვავდა ყველგან საბავშვო თუ ახალგაზრდულ კოლექტივებში, ავტორიტეტულ ანსამბლებში და ყველგან თავისებური, უდავოდ განსხვავებული საშემსრულებლო ხელწერით ხასიათდებოდა, მაგრამ მის ქორეოგრაფიულ ფორმირებაში საფუძვლიანი როლი შეასრულა სუხიშვილების ანსამბლში მოღვაწეობამ. ნიშანდობლივია სუხიშვილების დახასიათება მისდამი:

 

,,ირინა ხუცურაული სუხიშვილების სახელმწიფო ნაციონალურ ბალეტში ცეკვავდა 1999 წლიდან, როგორც სოლისტი. იგი გამორჩეულად საუკეთესო მოცეკვავე გახლდათ, მისეულ საცეკვაო ინდივიდუალიზმს და ტექნიკას ყოველთვის ტაში და ოვაციები ახლდა. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა ანსამბლის განვითარებაში''...

 

ირინას პროფესიული დამსახურების საფუძველზე სუხიშვილებმა 2000 წელს ის სტუდიაში მოღვაწე ინსტრუქტორების უმაღლესი დონის უზრუნველყოფის მიზნით ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასის სტუდიის მასწავლებელთა ინსტრუქტორად დანიშნეს. ასევე იგი 2003 წლიდან არის საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გამგეობის წევრი. დაჯილდოვებულია არაერთი ოქროს მედლით, აქვს პირველი ხარისხის დიპლომები, გამარჯვებულია უამრავ სხვადასხვა ნომინაციებში, მოპოვებული აქვს პრიზები და სიგელები,რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

 

მან წარმატებით გაიარა შემოქმედებითი მოღვაწეობის გზა. 15 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს-დღემდე და იღწვის ქართული საცეკვაო კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციისათვის. ამ მიზნით შუა ნიუ-იორკში გახსნა ქართული ცეკვის აკადემია Irinas Dance Academy.

 

სულ რაღაც ერთ წელიწადში მან ქართული ცეკვის საშემსრულებლო მართლაც აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა,რომელთა წარმომადგენლობამ მოლოდინს გადააჭარბა. რაც ნიშნავს, რომ ,,ირინას დენს აკადემიას'' პროფესიული ზრდის დიდი შესაძლებლობა აქვს.

 

ინტერვიუსათვის აკადემიაში მივაკითხეთ. შესვლისთანავე მოვხვდი ქართული სამოსით გაფორმებულ ინტერიერში, სადაც იგრძნობა ქართული სული, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, სადაც ყველა  ქართულად საუბრობს...

 

მაგიდაზე დამხვდა უამრავი მედლები, დიპლომები, სიგელები და სხვა მრავალი ნომინაციები.

 

ინტერვიუ ტრადიციული შკითხვით დავიწყეთ:

 

- ირინა, როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული ცხოვრება, როგორ მოხვდით შტატებში ?

 

- მთელი ცხოვრება ვცეკვავ. შემდეგ  ოჯახი შევქმენი და გავხდი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, ავთანდილ მიქაძის რძალი. შემეძინა ქალ-ვაჟი. რაღაც გარკვეული დროის მანძილზე ოჯახისათვის ასატანი იყო ჩემი შემოქმედებითი წინსვლა, გაუთავებელი გასტროლები და ა.შ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამიყენეს საკითხი - ,,ცეკვა ან ოჯახი''... მა მე ავირჩიე ცეკვა

 

- მსახიობის ოჯახისაგან საკითხის ასე დაყენება ცოტა უცნაურია

 

- დიახ, ავირჩიე ცეკვა, ასე დავშორდი მეუღლეს და გადავედი დედასთან საცხოვრებლად. ცუდი დრო იყო, არეულობა, უმუშევრობა. დედაც, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა სამსახური როგორც შეეძლო გვეხმარებოდა. ამ დროს ამერიკაში მომიწია წასვლა სამთვიან გასტროლებზე. გასტროლების ბოლო დღეები იყო და დავრეკე თბილისში დავით დოლიძესთან, წამოსვლისას მას ჩავაბარე სტუდია და ვუთხარი, რომ ჩამოვდივარ- მეთქი... არ ჩამოხვიდეო მითხრა. სტუდიაში ბავშვები აღარ გყავსო, შენ რომ აღარ იყავი არ გაჩერდნენ ჩემთანო და სხვადასხვა ანსამბლებში გადანაწილდნენო, ანსამბლი აღარ გყავსო.

 

ვიფიქრე,  ჩავალ თბილისში და რა? ხელფასი მოცეკვავეებს თვეში 360 ლარი გვქონდა, ანსამბლი და სტუდია აღარ მხვდებოდა, ფიზიკურად დედას და ორ შვილს ვერ ვუზრუნველყოფდი და გადავწყვიტე ამერიკაში დარჩენა. ეს ხდებოდა გასტროლების ბოლო კონცერტების დროს. კონცერტი რომ დამთავრდებოდა კუთხეში ჩავჯდებოდი და ვტიროდი. არასრულფასოვნად მიმაჩნდა ჩემი თავი, მე ხომ ცეკვისათვის ვიყავი დაბადებული. სუხიშვილებში 9 წლის განმავლობაში ვცეკვავდი და უცხო ქვეყანაში დარჩენა ანსამბლისადმი,საქართველოსადმი ღალატად მიმაჩნდა.

 

რომ დავბრუნებულიყავი მატერიალურად შვილებს ვერ შევინახავდი. მოკლედ, ბოლო კონცერტის დროს მივედი ნინოსთან და ილიკოსთან და ვუთხარი მეტი გზა არა მაქვს უნდა დავრჩე-მეთქი. ილიკომ მითხრა, რაც ვარსებობთ 70 წლის განმავლობაში პირველად გვესმის, რომ მოცეკვავემ თქვა უცხო ქვეყანაში უნდა დავრჩეო. პირველი ხარო და ალალად რომ გვითხარი ვრჩებიო, ექვსი თვე გაქვს ვადა აქ ყოფნის, თუ ვერ აეწყობი და ვერ მოერგები აქაურობას ჩამოდი და ისევ ჩვენთან მიგიღებთო.

 

იმიტომ კი არა, რომ მე სოლისტი ვიყავი ან სასწაული ვინმე, არ მოვატყუე, ადამიანურად ვუთხარი, რომ უნდა დავრჩე, მაგრამ გული საქართველოში მაქვს დედა მყავს დატოვებული, შვილები, თქვენ, ანსამბლი...

 

ასეთი დრამატული იყო ბოლო კონცერტი. მთელი ანსამბლი მკოცნიდა, მემშვიდებოდნენ, მლოცავდნენ, გვიყვარხარო-მეუბნებოდნენ. ასე აღმოვჩნდი ამერიკაში. მერე დაიწყო თავის გადარჩენაზე ფიქრი, სამუშაოს ძებნა, დაიწყო წვალება, შეგუება, ყველანაირი სირთულე რაც ემიგრანტის ცხოვრებას ახლავს, ნერვიულობა თბილისში ჩემს ოჯახზე, რომელსაც აღარაფერი გააჩნდა. ექვსი თვის შემდეგ ვიქტორ სირელსონი გავიცანი, ამერიკელია და ქართული კულტურის ცენტრი ჰქონდა გახსნილი. მას ბევრი ქართველი იცნობდა იმ ოჯახიდან დაწყებული, ვისთანაც ღამის გასათევი მქონდა, მაგრამ ვერ მიმიყვანეს ვიქტორამდე. ექვსი თვის შემდეგ ცუცა კაპანაძე შემხვდა. მკითხა ვიქტორთან რატომ არ ხარო? ვუთხარი, რომ ვიქტორმა უარი თქვა ჩემს მიღებაზე. ცუცამ - არც არავის არაფერი უთქვამს ვიქტორისათვის შენს შესახებ, გმალავენო მითხრა. და ასე, ცუცას მეშვეობით აღმოვჩნდი ვიქტორთან, რომელმაც დიდი დახმარება გამიწია ლეგალიზაციისათვის  საბუთების გაკეთებაში. მერე იყო შვილების ჩამოყვანაზე ფიქრი. ხუთი წელი მოუნდა ამ ყველაფერს და ჩამოვიდნენ კიდევაც. ათი წელი ვიმუშავე ვიქტორთან ქორეოგრაფად. ანსამბლი  ,,ჯორჯია"  მყავდა.

 

ზემოთ ვისაუბრეთ, სუხიშვილები  ქართული ცეკვის პატრიარქები არიან, რას ნიშნავდნენ ისინი საქართველოსათვის და ქართველებისათვის, ან რა შედეგებს დებდნენ გასტროლების დროს ყველამ ვიცით. რატომღაც მგონია, რომ თქვენი მოღვაწეობის შესახებ ბევრმა არ იცის საქართველოში და აქაც ერთი წელია რაც გამოჩნდით, როგორც სუხიშვილების მოცეკვავე.

 

 

- 10 წელი მუდმივად ვაქტიურობდი, მაგრამ სხვისი დაქვემდებარების ქვეშ ვიყავი. ვიქტორთან მარტო ქართული ცეკვა არ იყო, სხვადასხვა ჯგუფებიც იყო და იმდენად არ ვჩანდი ალბათ...

 

ათი წელი არ გავჩერებულვარ. იცით როგორ არის? აი, ამ პირობებს რომ მიაღწიო რასაც აქ, აკადემიაში ხედავთ, მატერიალური უნდა გვერდზე გადადო, თუმცა ეხლაც არ ვარ მატერიალურად ძლიერი. 7 დღე რომ ღია ხარ და ამხელა შენობას ინახავ, ძალიან უნდა გიყვარდეს შენი საქმე, რომ ეს ყველაფერი გააკეთო. გავაკეთე და უკვე ვჩანვარ. მე რა მახსოვს,იცით? ომიანობის პერიოდში 90-იანი წლები იყო, ქალთა ხორუმი იდგმებოდა და ფორმებს ვიკერავდით, ინგა მოვიდა თენგიზის მეუღლე და თქვა, რომ გუშინ ვერცხლეული გავყიდე ოჯახიდან, თქვენთვის ფორმები რომ შეგვეკერაო. დედაჩემიც ხომ ყიდდა, მაგრამ ეს რომ თქვა რომ სუხიშვილების საგვარეულო ნივთები გავყიდეო...  რამდენჯერ ბინა ჩადეს... რას ვხვდები იცით? თუ ასე გინდა, როგორც დღეს ვარ, მაშინ ყველაფერი უნდა დათმო. მეც ასე ვარ ჩემი მოსწავლეებისათვის, გავრისკე, გავაკეთე და რადგან ჩემი მაქვს გამოვჩნდი. სხვები შეიძლება ასე არ მოიქცეოდნენ.

 

- თქვენი ძირითადი მოტივი რა არის?

 

- ამას ვაკეთებთ აქ ჩამოსული ქართველი ბავშვებისათვის, ასევე აქ დაბადებულებისათვის. ვაკეთებთ, რომ ქართველობა შევუნარჩუნოთ, რომ არ მოწყდნენ მშობლიურ ფესვებს, რომ იცოდნენ საიდან არიან, სად არის მათი ფესვები,როგორია მათი კულტურა, ტრადიციები...

 

ცეკვა კი, ცეკვა მთელი ჩემი ცხოვრებაა, ის ჩემშია და ამის გარეშე არ შემიძლია. ქართული ცეკვა სხვა არა, მხოლოდ ქართული. არასოდეს მომნდომებია, რომ სხვა  ცეკვა მეცეკვა, თუნდაც ლათინური. მე ჩემი ქართული მიყვარს და არცერთი დღე არ მიცხოვრია ამის გარეშე. ხშირად ვფიქრობ, მე რომ ცეკვა არ მქონოდა, რა უნდა ვყოფილიყავი. ვისაც ცეკვა არ აქვს ნეტავი როგორ ცხოვრობს? ვერ ვხვდები ცეკვის გარეშე როგორ უნდა იცხოვრო. მე სხვა საქმეს ვერ გავაკეთებდი, ცეკვა ჩემი ბედნიერებაა.

 

- ძალიან ბევრი ქართული კულტურის ცენტრია ნიუ-იორკში და ზოგადად შტატებში, მაგრამ ქართული კულტურის აკადემია ერთია. ეს წოდება რასთან არის თქვენთვის კავშირში - აქაური კანონმდებლობა განსხვავებულია და სტატუსი როგორ მოგენიჭათ?

 

- სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლში ვიყავი მე და ლევან დარახველიძე. ამჟამად  აქ არის ჩემთან აკადემიაში, ვაჟების ჯგუფს ასწავლის, აკადემიურში ვცეკვავდით და ასე ვთქვათ, აკადემიურობა გამიგვივიდა აქაც.

 

ზოგჯერ ბავშვი მოჰყავს მშობელს და მეუბნება, უბრალოდ ასწავლეთ საქორწილო ცეკვაო. მე და ლევანმა უბრალო ცეკვა არ ვიცით. ვიცი ხელი სად უნდა იყოს, თავი, ტანი როგორ გეჭიროს, თუნდაც ქინძისთავი სად კეთდება ან გოგოს ქამარი-აკადემიურად ვიცი. ჯერ კიდევ 15 წლის ფრიდონ სულაბერიძემ ამიყვანა, რუსთავის ანსამბლი იყო დიდების, იქედან დავიწყე. მერე მამული, მერე გივი სიხარულიძე, ბოლოს სუხიშვილები-სულ აკადემიური ვიყავი. სუხიშვილების 5 წლიანი სტუდიაც დავამთავრე წითელ დიპლომზე. ადვოკატმა ვინც ჩვენი დოკუმენტაცია მოაწესრიგა და იურიდიული სტატუსი მისცა დეტალებში ნახა ყველაფერი რასაც ვაკეთებდით, ჯგუფები როგორ მუშაობდნენ, რამდენი ბავშვი იყო, ყველა ჩაგვიწერა და ვიდეომასალა გააკეთა, ნახა დოკუმენტაცია, რომ აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე ვიყავი, გაგზავნა საჭირო ინსტანციაში სადაც განიხილეს ყველა მასალა და რვა თვის შემდეგ მოვიდა პასუხი ჩვენთვის აკადემიის წოდების მონიჭების შესახებ.

 

 

- გამოდის წოდების მონიჭებაში მნიშვნელოვანი განმსზღვრელი იყო სახელმწიფო    აკადემიურ ანსამბლში ცეკვა...

 

- დიახ, ასეა. ადვოკატმა რომ მომილოცა აკადემია ხარო და ჩემი ემოცია ნახა მითხრა, არ მეგონა ეს წოდება შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი თუ იქნებოდაო. ეს ჩემთვის რომ ყველაფერია და მთელი ჩემი ცხოვრებაა, როგორ გავაგებინო ვისაც არ ესმის? თანხის რაოდენობა მკითხა რამდენი ჩადეო და რომ ვუთხარი ,,როდის ამოიღებ მაგ თანხასო''. აღარაფერი ვუპასუხე, იმას არც აკადემია ესმოდა, არც ქართული ცეკვა, არც რომ არაფერი გრჩება. ის კი ვუთხარი ბავშვები ხომ ბედნიერები არიან-მეთქი. მერე შენ რაო მკითხა (იცინის). ცოტა შორიდან ვიტყვი როგორ მოვედით აკადემიამდე,შეიძლება?

 

 - დიახ,რა თქმა უნდა...

 

ვიქტორისაგან რომ წამოვედი,ხომ გითხარით იქ ანსმბლი ,,ჯორჯია'' მყავდა. ჯანმრთელობამ შემაწუხა, რთული ოპერაცია გავიკეთე, გარკვეული დროით ვეღარ ვცეკვავდი, ამასობაში პანდემია დაიწყო. ჩემი ქალიშვილი მანო ბალერინაა, ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში სწავლობდა, საიდანაც ოპერაში ნინო ანანიაშვილთან გადაიყვანეს. ჰოდა, დედაჩმმა მთხოვა, იქნებ პატარა სტუდია გაუკეთო, რომ მისი საქმე დაიწყოსო. მანამდე მანო ,,ჯუიშების'' ბანკში მუშაობდა. მოხდა ისე, რომ შუა პანდემიის დროს ვიპოვე ადგილი სტუდიისათვის, რომელიც ძვირი ღირდა, მაგრამ ვთქვი, რომ უნდა გავაკეთო!!! ავიღეთ სტუდია და გაჩნდა ბავშვების აყვანის საკითხი, ბავშვები არაა, ჩემი შვილიშვილი ირიშკა მივიყვანე, მისი ბაღის მეგობარიც მოვიდა და ხომ იცით, ღმერთი რომ მოგიმართავს ხელს,70 ბავშვი მოვიდა და ჩემს პატარებთან მეც დავიწყე საქმიანობა. პანდემია ხომ იყო, მშობლები რომ მოდიოდნენ სახლში წასვლა აღარ უნდოდათ. მეც აღარ მინდოდა ბავშვების გარეშე და შვილებს ვუთხარი, რამე მოვიფიქროთ, რომ ბავშვები მთელი დღე მყავდნენ, ჩამოსაშვები ეკრანი ვიყიდოთ და ქართული ფილმები ვაჩვენოთ-მეთქი. ჩემი ვაჟი ავთანდილი იურისტია, ისტორია იცის კარგად, საქართველოში დიასპორის სამინისტროში მუშაობადა, სემინარიაში დადიოდა, თან სტიქარისანი იყო, ჰოდა ვუთხარი-როგორც შეძლებ, რომ ბავშვებისათვის გასაგები იყოს ჩაუტარე ისტორიის გაკვეთილები, რელიგიაც გესმის და ახლა რძალმა ლიკუნამ თქვა, მე ქართულ-ენა ლიტერატურას ვასწავლი უფასოდო. ქალიშვილს ვეკითხები: შენ რას გააკეთებ მანო? ბალეტში მოვამზადებ ვისაც ფული არ აქვსო. ავთომ-მე ჭადრაკსაც დავამატებო. აი ასე შეიქმნა უფასო ჯგუფები. ქართული ცეკვაც, რა თქმა უნდა, რომლის ერთ გადასახადშიც შედიოდა ყველაფერი. ასე მოვიდა 70 ბავშვი, ასე გავხდით ერთი დიდი ოჯახი. აქ ვჭამდით და ვსვამდით, შაბათ-ვირას არ ვიკეტებოდით და მეპატრონე გაგვინაწყენდა, თქვენ ხმაურობთო, შაბათსაც მუშაობთო და სხვაგან გადადითო. მოვძებნეთ ეს ადგილი და შევქმენით აკადემია. დღეს უამრავი ბავშვი გვყავს, ესა ვართ-რაც ვართ.

 

 

- აკადემიამენეჯმენტს თქვენ უწევთ, სპეციალური განათლება გაქვთ თუ პრაქტიკამ გასწავლათ?

 

- მენეჯერის სპეციალობა არ მაქვს, საქართველოში იურდიული დავამთავრე, მაგრამ რასაც სუხიშვილებში ვხედავდი წლების განმალობაში, ამან ყველა აკადემიურები გაგვხადეს. ნინო რომ შემოვიდოდა გვეტყოდა გოგონებს-,,თქვენ 16-ივე აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავები ხართო. ყველას ადამიანური ურთიერთობა გვქონდა. ის კი არა აი, მე შენზე წინ ვარ, სოლისტი ვარ... არა, სიყვარულით და პატივისცემით კეთდებოდა ყველაფერი და ურთიერთობაც აკადემიური ჩამოგვიყალიბდა. მუდმივ კონტაქტში ვარ ჩემს თბილისელ კოლეგებთან. ახალი რა შეიძლება რომ გავაკეთო, ვითვალისწინებ მათ რჩევებს, ოღონდ ახალი მითხრან რამე...

 

- თქვენი რეპერტუარი ძირითადად ქართულია,ხომ არ ფიქრობთ გქონდეთ უცხო კულტურის ელემენტები, მაინც უცხო ქვეყანაში ცხოვრობთ...

 

- ერთი თვის წინ მყავდა მოწვეული უკრაინელი გოგო-ბიჭი უკრაინული ანსამბლიდან, რეპეტიცია ჩაუტარეს ჩემს ბავშვებს. მათი მოწვევა განაპირობა უკრაინაში შექმნილმა საომარმა მოქმედებამ. უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენ მანჰეტენზე გავიტანეთ კონცერტი უკრაინის დროშით. როცა სუხიშვილები გასტროლებზე მივდიოდით, ბოლოს იმ ქვეყნის ცეკვით ვამთავრებდით რომელშიც ვიყავით. ამიტომ ყველა ცეკვა უნდა ვიცოდეთ, მაგრამ  ქართული ცეკვა პირველ ადგილზე დავაყენეთ. მეთხუტმეტე ცეკვას ვამთავრებთ, შევიმოსებით ფორმებით,700 ფორმა გვაქვს ჩამოტანილი, აფხაზური დაგვრჩა გასაკეთებელი, გუშინ სამაია დავამთავრეთ-ამას ყველაფერს რომ გავივლით, დავიწყებთ უცხო ქვეყნების ცეკვებსაც. მომავალ წელს გვექნება ბერძნული და ებრაული ცეკვები.

 

- მანჰეტენზე თქვენმა კონცერტმა ფურორი მოახდინა...

 

- ეს ჩემი იდეა იყო. მოლოდინი იმისა, რომ ვინმემ პროექტი მომაწოდოს ყოველთვის მაქვს. სულ ძიებაში ვარ. მანჰეტენზე გავედით აბსოლუტურად სპონტანურად. ჩემი რძალი იყო მეგობრის ოჯახში სტუმრად. უკრაინაში უკვე ომი მძვინვარებდა. მეგობარი ეკითხება ლიკუნას თქვენ ხორუმს ხომ ცეკვავთო, უკრაინის დროშა დაიჭირეთ და ხორუმი გაიტანეთო. ხომ იცით რაღაციდან რომ მნიშვნელოვანი იწყება, ისე მოხდა. დროშა არ გვქონდა. მოვიარეთ მთელი ნიუ-იორკი და დროშა ვერ ვიყიდეთ, ორი კვირით ადრე გაყიდულიყო ყველგან. ბოლოს ბრუკლინში ვიყიდეთ ლურჯი და ყვითელი ნაჭერი და შევაკერინეთ დროშა. ასე იყო და საბოლოოდ გამოვიდა კარგი პროექტი. ამის მერე ორი უკრაინული პროექტი გავაკეთეთ. სანთლები დავაწყვეთ, ნინო წიკლაური მოვიწვიეთ. ვიმღერეთ ქართული და უკრაინული ჰიმნი. მოსწავლეების სლოგანი იყო - ,,ბავშვებს მშვიდობა გვინდა'', ყველას თეთრები გვეცვა. კარგი პროექტი გამოვიდა. თეატრიც დავდგით ქართულად, 10 ბავშვი თამაშობდა. მაშო მელქაძე გვყავს თეატრში პედაგოგი. ეს ყველაფერი მივუძღვენით უკრაინას.

 

- წეღან თქვით, რომ მომავალში უცხოური ცეკვები გექნებათ, პლუს აკადემიის შენახვის ხარჯები... არსებობს ვინმე სპონსორი თუ თქვენი ხარჯებით აკეთებთ ყველაფერს.

 

- იცით როგორ იყო? შვილები ხომ უნდა ჩამომეყვანა,10 წელი ველოდი ამას, რაღაც დანაზოგი მქონდა, მინდოდა ნიუ-ჯერსიში პატარა ეზოიანი სახლი მეყიდა, შვილიშვილი მეზრდება სულ ნაქირავებში ვერ ხომ არ ვიქნებოდით. მერე პანდემია რომ დაიწყო და ოფისი ავიღე, ვიფიქრე, დანაზოგს ცოტას მოვაკლებ, მერე კიდევ ცოტა და ასე. ბოლოს ისე მოხდა, რომ 75 000 ბანკიდან ავიღე. მეგობარიც 20 000-ით დამეხმარა. ამერიკელი მეუღლე ჰყავს, ძალიან უყვარს ქართველები. ასე მითხრა, შენ ისეთ საქმეს აკეთებ უარს როგორ გეტყვიო.

 

აი ასე, მეგობრები, ჩემი დანაზოგი და ბანკია ჩემი სპონსორი. დღესაც ისევ ნაქირავებში ვცხოვრობთ. ასე ვწვალობ. დადგება აკადემია ფეხზე, ბევრი ქართველიც გვეყოლება. მეც მეღირსება დასვენება. ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, ქართულ კულტურას გავამდიდრებთ და გავიხარებთ.

 

ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი, არ შემიძლია ამის გარეშე. მთელი ზამთარი ისე გავიდა არ მიგრძვნია. შემოვდივარ და აქ ვარ, არც მინდა გარეთ გავიდე. აქ ყველაფერი ჩემია. ბედნიერება ვიპოვე-ბედნიერი ვარ.

- რაც არსებობს ირინას ცეკვის აკადემია, საქართველოდან დაინტერესდა ვინმე თქვენი არსებობით ?

 

- შარშან გვითხრეს, რომ თითქოს 10 000 უნდა მოეცათ, მაგრამ არაფერი. ჩემი ვაჟი აქ ჩამოსვლამდე დიასპორის სამინისტროში მუშაობდა. მინისტრის მრჩევლის რეფერენტი იყო და იმ სამინისტროში გააგზავნა წერილი. აქაურ კულტურის ცენტრებს ყველას აქვთ თანხები მიღებული. ჩვენ არ მოგვცეს. გვითხრეს, ახლები ხართო. ჩვენც ვუთხარით, რომ სწორედ იმიტომ გვჭირდება დახმარება ახლები რომ ვართ. მოკლედ, ყველამ აიღო ჩვენს გარდა. წერილობით ავუხსენით ყველაფერი, რომ პანდემიის დროს გავიხსენით და რა სირთულეებთანაც იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, ასი ბავშვი ცეკვავს უკვე და ფორმები არ გვაქვს- გვითხრეს არაო. ახალი ცეკვა ,,ირინოლა''გავიტანეთ, უფორმოდ ვაცეკვეთ წარმოგიდგენიათ? სასწაული შესრულება იყო ექვს თვეში ავაცეკვეთ ბავშვები. ამის მერე დაგვიკავშირდნენ საქართველოდან ვიდეოები მოგვეცით გავაშუქებთო. არ დაგვეხმარა არავინ. ახლა სექტემბერშიც გასცემენ თანხებს, მაგრამ არ მგონია ჩვენ ვინმემ რამე მოგვცეს. ჩვენები რომ პროექტს აკეთებენ წელიწადში ერთხელ, Georgian in The USA Award-ასე ჰქვია და წითელ ხალიჩაზე გაჰყავთ დამსახურებული ემიგრანტები. ხელმძღვანელი ვინცაა დამირეკა და მითხრა, შენ ვერ გაგიყვანო. რატომ-მეთქი  ვეკითხები. იმიტომ, რომ სხვა ანსამბლებიც არიან და იმათ ვერ ვაწყენიებო. ვკითხე ცეკვები გექნებათ? კიო მითხრა. ერთი ცეკვა ჩემ ბავშვებსაც აცეკვეთ-მეთქი, მარტო იმიტომ რომ ესენიც ქართველები არიან და გული არ დაწყდეთ-მეთქი. ამდენს ვმუშაობთ, ფორმებიც გვაქვს, მუსიკა და ილეთები არ მოგვიპარია, ცეკვაც განსხვავებულია-არავის ვგავართ, თუნდაც მარტო ერთი ცეკვა ,,ირინოლა'' არავისია, ჩვენია მარტო და ეს გაეტანათ. მაინც უარი მითხრა-არაო. ბავშვებს რა ვუთხრა-მეთქი და მომავალ წელს დაგაჯილდოებო მიპასუხა. მე დაჯილდოება რად მჭირდება? რისი მიღწევაც მინდოდა მივაღწიე. ჩემი ჯილდო და მწვერვალი იყო სუხიშვილები და ჩემთვის ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა იყოს? ოქროს ზოდი რომ მომცეს ვინმემ ვერ გამაკვირვებს, უბრალოდ ერთი ცეკვა მაინც მიეცა ჩემი ბავშვებისათვის. მაინც არაო, შენ როგორც სტუმარი ისე მოგიწვევო. ეხლა დამირეკა 21 მაისს აქვთ ღონისძიება და მითხრა-მერიდება, როგოგორც სტუმარი ისე რომ მოგიწვიოო, შენ იმდენი გააკეთეო ერთ წელიწადში, სტუმრად ვერ მოგიწვევ-მეტი გეკუთვნისო. შენს ბავშვებს ვერ ვაცეკვებო, ვერ დაგაჯილდოებ იმიტომ, რომ ვიღაცას არ ვაწყენიოო. ერთი ცეკვა მიეცა ჩემებისათვის და ვიჯდებოდი სტუმრად, არ მინდოდა დაჯილდოება-ბავშვები გაეხარებია მხოლოდ.

 

მსოფლიოს მინდა გავაცნო ჩვენი ბავშვები,ჩვენ მზად ვართ ამისათვის. სხვა ქვეყნების დიასპორის ბავშვებს რომ შეხვდებიან--ეს დიდი მიღწევა იქნება. 

 

- რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ეპიზოდი თქვენი საქმიანობიდან...

 

- დიდი ნინო რამიშვილი მოვიდა ,,ნახვაზე'', ანუ შემოწმება იყო ანსამბლში აყვანაზე. შემხედა და ადმინისტრატორს შალიკო ერქვა იმას მიუბრუნდა და უთხრა: ეს ,,გოგო ძალიან ლამაზიაო'' და ამიყვანეს. მალე კონცერტი უნდა ყოფილიყო, გოგოების დამატებით ჩაყენება ჭირდებოდათ ოსურში,მოვიდა და გვიყურა და თქვა ეს ლამაზი გოგო ჩააყენეთო. მეც ხომ ეს მინდოდა, ეს ხომ ოცნება იყო ჩემი. ასე მექცა ოცნება სინამდვილედ და ეს ეპიზოდი ჩემშია და ემოციას იწვევს დღემდე.

 

- ირინა რას ფიქრობთ დაბრუნებაზე, დაბრუნდებით?

 

- ჩვენ ქართველები ვართ-ჩვენ შინაგანად გვაქვს ყველაფერი ქართული, დილა საქართველოსთან კონტაქტით იწყება, ვიძინებთ მასზე ფიქრით, გონებით ხომ სულ იქ ვართ. ისე კი არა, ჩემს იურისტს რომ გაუკვირდა ,,აკადემიის წოდება კი მოგანიჭეს, მაგრამ ჩადებული თანხის ამოღება გაგიჭირდება და რა გიხარია არ მესმის, არ მგონიხარ ნორმალურიო''-პირდაპირ მითხრა (იცინის)

 

მიხარია, რომ აკადემიაში ქართველი ბავშვები მოდიან, ქართულს ცეკვავენ, ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობენ, ჩვენ ისტორიას ეცნობიან, ხატავენ, ქართულ მუსიკას, ჭადრაკს სწავლობენ და სხვა ქართული საქმით არიან დაკავებულნი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ენა,მამული, სარწმუნოება არ დავუკარგო ჩემს მოცეკვავეებს. აქ ვისაც უყურებთ ქართულად ვზრდით ყველას,სახლში ყველას აქვს სალოცავი კუთხე, დროშა, ქართული კერძებით იკვებებიან, ყველას სახლში არის პატარა საქართველო. აკადემიაში ფეხს რომ შემოდგამენ ყველა ქართულად ლაპარაკობს. ამით იმის თქმა მინდა,რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. აქედან ჩასულები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს განვითარებასა და ფეხზე დაყენებაში.

 

- და ბოლოს, თქვენი მოცეკვავეები გაგვაცანით...

 

დავით ბახტურიძე -,,ხორუმი''-ის სოლისტი: ცეკვა საქართველოში ოთხი წლის ასაკში დავიწყე. აქ უფრო განვავითარე და ამაში ირინა მასწავლებელი დამეხმარა. რომ ჩამოვედი 7 წლის ვიყავი და მაშინვე მოვხვდი მასთან. აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და ამისთვისაც მადლობელი ვარ. 11 წელია რაც ირინა მასწავლებელს ვიცნობ. ახლა ეკლესია შემოიყვანა აქ და მოგვეცა ლოცვაზე დასწრებისა და ზიარების შესაძლებლობა. ემოციას რაც ეხება, როცა აქ შემოვდივარ სულ კარგ ხასიათზე ვდგები.ენერგიას მაძლევს ქართული ცეკვა.

 

 

ვიკი სვანიძე, მოცეკვავე: ერთი წელია,რაც ცეკვაზე დავდივარ, უწინ არასოდეს მივლია, სურვილი არ მქონდა, გულით არ მინდოდა მეცეკვა. მაგრამ ,,დენს აკადემია'' რომ გაიხსნა დედაჩემმა შემომიყვანა. მას მერე აქ ვარ. ძალიან მაბედნიერებს აქ ყოფნა და ეს ირინა მასწავლებლის დამსახურებაა. მან შემაყვარა ცეკვა და ეს გარემო.ოჯახის წევრებივით გვექცევიან, არ გვინდა ხოლმე აქედან გასვლა. მადლობა ირინა მასწავლებელს რასაც ჩვენთვის აკეთებს.

 

ანა ხიზანიშვილი-სამაიას მოცეკვავე: ჯერ არ მინდოდა სიარული, ვტიროდი როცა აქ მოვდიოდი. მეშინოდა, მეგონა რომ დამცინებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალიან შემიყვარდა ირინა და ლევან მასწავლებელი. ამ გარემოში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მიყვარს აქაურობა, თან მასწავლებლები მასწავლებლებივით არ გვექცევიან, შვილებივით და ოჯახის წევრებივით ვყავართ, ბევრ რამეს გვასწავლიან და ეს ძალიან მომწონს.

 

სოფო ვარდოსანიძე: მიხარია აქ მოსვლა სადაც ბევრი მეგობარი მყავს და სადაც ოჯახური გარემოა. აქ ქართული კულტურა, ისტორია ვისწავლე... საერთოდ ბევრი ვისწავლე საქართველოს შესახებ. მადლობა ირინა მასწავლებელს იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა და აკეთებს დღემდე.

 

 

 

ლელა ჭელიძე

 

"newspress. ge"-ამერიკა-კანადის ბიუროს კორესპონდენტი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031