28-06-2022
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ტყუილია, თითქოს 20 ივნისს გამართულ აქციაზე „შინ ევროპისკენ“ 160 ათასი ადამიანი გამოვიდა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, 10 ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც აქციის ორგანიზატორებს შეუძლიათ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აქციის ჩატარება რომ მოინდომოს, თავისუფლების მოედანს გაავსებს.
„ ეს ისეთი ტყუილია, რომ არ ვიცი, 100 ათასი ადამიანიც ტყუილია. რაოდენობაში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება პირველ აქციას, ეს ევროპის იდეის გარშემო იყო ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ორგანიზატორი, კერძოდ, მისი ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“. როგორც კი ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიყვანეს, ვნახეთ, რომ 10 ათას კაცამდე დავიდა მთლიანად აქციის შემადგენლობა, ამდენიც შეიძლება არც დარჩეს. 10 ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ, მაგრამ აქ ესეც არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება. მეორე, ახლა ხალხის რაოდენობაზე თუ არის საუბარი, მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, თავისუფლების მოედანს და იმის იქით გადავავსებთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე, თუმცა, ამ ეტაპზე პაექრობაში შესვლას არ ვაპირებთ. რეალურად, ხალხის სახელით რომ გელაპარაკება, მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინოა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოთხოვნა „ლოგიკას არის მოკლებული“.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, „ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას“.
„ეს არის კონსტიტუციური წესრიგი და მისი ლოგიკა, რომლის საფუძველზეც დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს მთავრობის მიერ იმართება, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ახლა ამ კონსტიტუციური ლოგიკიდან და წესრიგიდან გადახვევას გვთავაზობენ. ჩვენ, შარშან 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით თქვით, რომ გარკვეულწილად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაგრამ ქვეყანას გავუფრთხილდით და იმ მომენტში ეს აუცილებელი იყო. ეს დავუშვით, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ არცერთ შემთხვევაში, სამომავლოდ ამას აღარ დავუშვებდით. რა თქმა უნდა, არც მომავალში არც მოლაპარაკების სახით, არც შეთანხმების, მითუმეტეს, ასეთი მოვლენების განვითარების სახით, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება იმ კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, რომელიც არის. აქედან გადახვევა უბრალოდ გამორიცხულია. ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელმაც მიიღო ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია და ახლა უნდათ ისეთი ხალხი მოიყვანონ, რომელსაც სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს“,-განაცხადა კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024