29-06-2022
ქართული ღვინის დანიის ქსელურ სავაჭრო ობიექტებში რეალიზაციის საკითხი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ დანიის უმსხვილესი სავაჭრო ობიექტების გაერთიანების „Salling Group" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მენეჯერთან, თომას ტრასტთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
ქალაქ ორჰუსში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ქართული ღვინის დანიის ქსელურ სავაჭრო ობიექტებში რეალიზაციის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. Salling Group-ის მენეჯერმა ყურადღება კომპანიის მუშაობის, ღვინის და სპირტიანი სასმელების გაყიდვების და ასორტიმენტის სპეციფიკაზე გაამახვილა.
„დანიაში, ღვინის ბაზარზე, ფრანგულ და იტალიურ ღვინოებს წამყვანი პოზიციები უკავია, თუმცა დანიელი მომხმარებელი მუდმივად ახლის ძიებაშია. ეს გარემოება ქართული ღვინის დანიურ ქსელურ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოტანის თვალსაზრისით გარკვეულ შესაძლებლობას ქმნის, თუ, რა თქმა უნდა, ამას დავუმატებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ქართული ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდსა და ქართულ კულტურაზე", - აღნიშნა თომას ტრასტმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დანიურ ბაზარზე პოზიციონირების ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია, დანიელმა მომხმარებელმა კარგად გაიცნოს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მხარეებმა Salling Group-ის წარმომადგენლებისთვის საქართველოში გაცნობითი ტურის და დანიაში ქართული ღვინის წარდგენა/დეგუსტაციის ორგანიზების საკითხზე იმსჯელეს.
დანიის ბაზარზე Salling Group-ს, 35,5%-იანი წილით, ლიდერი პოზიციები უკავია. Salling Group-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია მაღაზიათა ქსელები Bilka, Netto, Fotex. კომპანია დანიის ფარგლებს გარეთაც არის წარმოდგენილი, მათ შორის, გერმანიასა და პოლონეთში. კომპანიის 1700- ზე მეტ მაღაზიაში, რომელსაც ყოველკვირეულად 11 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, 61 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
16-11-2024
16-11-2024