გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაგო კაჭკაჭიშვილი: ამ მოძრაობის ფლაგმანმა სამოქალაქო ჯგუფებმა არჩევნებისთვის პარტიის შექმნაზე უნდა იფიქრონ

4-07-2022

ამ მოძრაობის ფლაგმანმა სამოქალაქო ჯგუფებმა არჩევნებისთვის პარტიის შექმნაზე უნდა იფიქრონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წერს:

  • “შევეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ და გასაგებად ვთქვა ჩემი სათქმელი.

დღევანდელ მასობრივ პროტესტს აერთიანებს ევროკავშირთან (ზოგადად, დასავლეთთან) ინტეგრაციის სურვილი და, შესაბამისად, ბრაზი, რომ ამ გზაზე ხელისუფლებამ აშკარა და მიუტევებელი დაბრკოლებები შექმნა. ამან გამოიყვანა ქუჩაში ათეულ ათასობით ადამიანი, რომელთა კონკრეტული პოლიტიკური გემოვნება ჭრელია.


საპროტესტო მოძრაობის ფლაგმანია სამოქალაქო ჯგუფები, მათ ქუდქვეშ ერთად დგომა არ გასჭირვებიათ ერთმანეთისგან განსხვავებული (მეტიც, დაპირისპირებული) პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანებს.


20 ივნისის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამ საპროტესტო ენერგიის პოლიტიკურ მოთხოვნებში კონვერტაცია, საპროტეტსო ენერგიის მთლიანობის შენარჩუნების ფონზე. ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის იდეა, პირველ რიგში, ნაკარნახევი იყო იმით, რომ ქართულ ოცნებასაც მიეღო მონაწილეობა ასეთი გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე სხვა ძალებთან ერთად აეღო პასუხისმგებლობა. ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ამაზე არ წამოვიდა. მას აწყობს პროცესის გამწვავება იმ აზრით, რომ სამოქალაქო მოძრაობის ფლაგმანობა ჩანაცვლდეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიურობით. ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიციური პარტიების „გაშავებას“ უფრო უკეთესად მოახერხებს „ნაცობის“ სტიგმის გამოყენებით; მან ისიც იცის, რომ აქციებზე აღარ მივლენ ის ადამიანები, რომლებიც ოცნებას კი უწყრებიან, მაგრამ იმ მიტინგზე, სადაც სცენაზე „ძველი“ ოპოზიციური პარტიები დგანან (პირველ რიგში, ნაცმოძრაობა), აღარ წავლენ.


ხელისუფლებას სასიცოცხლოდ სჭირდება ახლა, რომ საზოგადოებაში არსებულ მძლავრ საპროტესტო ტალღას გამოაცალოს კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო ხელისუფლების მიმართ დაეჭვებული ადამიანები, რომელთა შორის ნაწილი მისი ყოფილი ამომრჩეველია, ხოლო ნაწილი ე.წ. შუაშისტი ნიჰილისტი, რომელსაც არც ერთი მხარე არ მოსწონს (თუმცა, ევროპა უნდა).


ხელისუფლების მიზანია მისი ყოფილი ამომრჩევლები კვლავ თავის ბანაკში გადმოიყვანოს, ხოლო შუაშისტები კვლავ სახლებში დატოვოს. სწორედ ამას ემსახურებოდა: ა) რადიკალურად განწყობილი „სამეულის“ გამოყოფა „ქართული ოცნებიდან“ და ბ) კობახიძის განცხადება, რომ მზადაა ხელისუფლებამ, სხვა პარტიებთან ერთად, იმუშაოს 12 პუნქტიანი გეგმის შესასრუებლად და უკვე დაანონსა კიდეც კომისიის შექმნა დეპოლარიზაციის მიმართულებით (ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნათელია, რომ ასეთი კომისიები ძალაუფლების შესანარჩუნებლად დროის გაწელვის სატყუარაა, მაგრამ საჯარო მოხელე ამ სატყუარას შეიძლება მოეჭიდოს).


შესაბამისად, საპროტესტო მოძრაობის წინაშე, დღესდღეობით, დგას რთული ამოცანა: შეინარჩუნოს ევროპასთან ინტეგრაციის გარშემო გაერთიანებული უამრავი ადამიანის ერთიანობა. როგორაა ეს შესაძლებელი მაშინ, როდესაც ავანსცენაზე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან?

  1. არსებულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შეძლონ ერთმანეთთან კოორდინაცია და კონცენტრირდნენ დაბალანსებულ (და არა გამყოფ) მოთხოვნებზე, რომელთა შორის წამყვანი კვლავ ევროკომიიის მოთხოვნების შესრულება და ევროპასთან დაახლოება იქნება. ვიცი, რომ ერთ-ერთ „ცხელი“ პუნქტად დადგება სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ნაცმოძრაობა უნდა დათანხმდეს, რომ მიჰყვეს რეზოლუციის მოთხოვნებს: მოხსნას სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა და ილაპარაკოს იმაზე, რაც უკვე წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში – სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარულ მოპყრობაზე, რაც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას გულისხმობს.

ბ) საპროტესტო გამოსვლები უნდა იყოს პერმანენტული და მათში მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლებმა (აკადემიურმა წრეებმა, სტუდენტებმა, ბინესმენებმა, „რიგითმა“ ადამიანებმა). ბოლო აქციების ერთ-ერთი შთამბეჭდავი სიახლე სწორედ ეს იყო და ეს უნდა შენარჩუნდეს.


გ) სამოქალაქო ჯგუფებმა, რომლებიც დღევანდელი საპროტესტო მოძრაობის ფლაგმანები არიან, მომავალი არჩევნებისთვის (ჩატარდება ის 2024 წელს თუ მანამდე) უნდა იფიქრონ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაზე. ეს ხელს შეუშლის იმას, რომ ქართულლ ოცნებაზე განაწყენებული/დაეჭვებული ამომრჩეველი ისეც სახელისუფლო ბანაკში დაბრუნდეს და, ამასთანავე, მიიმხრობს ნიჰილისტურად განწყობილ შუაშისტ ამომრჩეველს, რომელსაც ევროპა უნდა,” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930