2-07-2018
ახალგაზრდების საყვარელი ენერგეტიკული სასმელები არამხოლოდ სახიფათო შემადგენლობისაა, არამედ მისი ხანგრძლივი მოქმედება მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ეს სასმელები არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა, ფასი 2 ლარიდან იწყება, სამაგიეროდ იმდენად იწვევს მიჩვევას, რომ როცა შესაძლებლობა აქვს, ახალგაზრდა მის მიღებაზე უარს არ ამბობს, უფრო მეტიც, მასზე მოთხოვნაც კი უჩნდება.
რა საფრთხეებს შეიცავს მისი ხშირი მიღება და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას, თუ ადამიანი დიდი რაოდენობით, ან ხშირად დალევს, ამასთან დაკავშირებით ეკონომისტი და კვების მრეწველობის სპეციალისტი ალეკო ღუდუშაური გვესაუბრება.
- ბატონო ალეკო, შესწავლილი გაქვთ საქართველოს ბაზარი, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ეს ენერგეტიკული სასმელები?
- შევისწავლეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაცაა. მსოფლიოში აკრედიტირებული, საკმაოდ სოლიდური რეპუტაციის მქონე ლაბორატორიები საგანგაშო სტატისტიკას და დასკვნებს აქვეყნებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემადგენლობა აქვს ამ სასმელებს, რა იძლევა ენერგიის წყაროს, რატომ იწვევს ის შეჩვევას და რატომ არაა რეკომენდირებული მისი მიღება. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამ სასმელების ბიზნესი საკმაოდ რენტაბელურია და ხშირად უჭირთ კიდეც სპეციალისტებს, გაბედულად თქვან, რომ ის უნდა აიკრძალოს, ან ბაზარი სხვა თვალსაზრისით დარეგულირდეს, მწირი ინფორმაციებიც ვრცელდება ხოლმე.
-კონკრეტულად რა სასმელებზეა საუბარი?
-მარკეტებს ენერგეტიკული სასმელების დიდი სია აქვთ, მათ შორის, ყველაზე პოპულარულია - ,, XL” ,,Maxwell“, „Red Bull“, „Rockstar“ , ,,Monster Energy“ და კიდევ 5 საათიანი ენერგიის შემცველი სხვა სასმელები. ეს მძლავრი ენერგეტიკული სასმელები შექმნილია იმ პრინციპით, რომ ჭარბ კოფეინს შეიცავს. შედეგად, ახალგაზრდები კოფეინზე დამოკიდებულები ხდებიან.მოგეხსენებათ, ყავაც შეიცავს ამ ნივთიერებას, მაგრამ ათმაგი დოზა უფრო დამოკიდებულს ხდის მასზე ადამიანს, ვიდრე ყავაზე დამოკიდებულს. სასმელები შეიძლება არ იყოს ისე უსაფრთხო, როგორც მწარმოებლები ამას ამტკიცებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შერეული ალკოჰოლის ეფექტს იწვევს. ფაქტობრივად, კოფეინ დამოკიდებულებას შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები , როგორიცაა არარეგულარული გულის არითმია, კუნთების მოდუნება–მტვრევის შეგრძნება და უძილობა, რომელიც ქრონიკულში გადადის. კიდევ უფრო არასასიამოვნო მომენტია, როცა ორგანიზმიდან კოფეინი გადის, ამ დროს შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანებადობა, დაღლილობა, დეპრესიული განწყობა და ზოგიერთი ორგანოს აუტანლად მძიმე ტკივილი. ხშირად იწვევს ისეთ მოდუნებას, რომ გგონია, რაღაც გტკივა და ამ დროს ვერ აკონკრეტებ, კონკრეტულად რა გტკივა.
-ძირითადი უარყოფითი სიმპტომების გარდა, ამ სასმელებს დადებითი მუხტიც ხომ აქვთ, რითაც ის მიმზიდველი ხდება?
-დიახ, ასეცაა. მაგალითად, რამდენიმე საათი შეგიძლიათ კომპიუტერივით იმუშაოთ, არ მოდუნდეთ, იყოთ დაუღალავი, მაგრამ მე გიხსნით იმას, რომ თუ გამოგინელდათ, მაშინვე გემტვრევათ ძვლები. ეს დაახლოებით ნარკოტიკიდან გამოსვლის ეტაპს ჰგავს, თუმცა ის, რა თქმა უნდა, ბევრად ძლიერი და სავალალოა, მაგრამ როცა მუდმივად ამ ეტაპზე ხარ, ვერ გაარკვევ, რა უფრო მეტად მძიმეა შენი ჯანმრთელობისთვის. მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ თუ ამ ნივთიერების ბოროტი გავლენისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის მაგალითის რაოდენობა გასულ წლებში საშუალოდ 20 ათასამდე იყო, 2007 წლიდან ის მკვეთრად გაორმაგდა, რადგან ენერგეტიკული სასმელების სერიის გაზრდისა და მრავალფეროვნების კვალდაკვალ მისი მოხმარება გაიზარდა.
-დამოკიდებულებაზე მკურნალობა შესაძლებელია?
-როგორც სტატისტიკურად ცნობილია, ენერგეტიკული სასმელების მუდმივად მომხმარებელთა 42 %–ს რეაბილიტაცია სჭირდება. მთავარი პრევენციაა, რომ მასზე დამოკიდებული არ გახდეთ. განსაკუთრებით რთული შედეგი აქვს, თუ არაყთან, მარტინთან ან სხვა ძლიერ ვისკთან გაზავებულ ენერგეტიკულ სასმელს ვსვამთ. ეს სახიფათო კოქტეილის სტიმულატორია. შერევითი ალკოჰოლური კოფეინის წყალობით ადამიანები ნაკლებად ნასვამ და დაქვეითებულ ინდივიდებად გრძნობენ თავს, ვიდრე ისინი რეალურად არიან.
- სიკვდილიანობა ხშირია?
- არც იმდენად, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ხშირად, რა უფრო მძიმე შედეგია – სიკვდილი თუ მთელი ცხოვრების მანძილზე სხეულის ასეთი დეგრადაცია, რთული სათქმელია.
საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მონაცემებით დადასტურდა, რომ გასულ წელს სიკვდილის ხუთი ფაქტი დადგინდა, რომელიც ენერგეტიკული სასმელების დიდი დოზით მიღებით იყო გამოწვეული.
2013 წელს ენერგეტიკული სასმელის ინდუსტრიას გაყიდვების შედეგად მიღებული 10 მილიარდი დოლარის მოგება ჰქონდა. გაზრდილია არასრულწოვანების მიერ მოხმარებაც.
- რა სეგმენტი მოიხმარს ძირითადად ამ სასმელებს?
- ენერგეტიკული სასმელის მწარმოებლები ბაზარზე ახალგაზრდა და მოზარდი ადამიანებით არიან დაინტერესებულნი, რომლებიც ეწაფებიან როკ მუსიკას, ექსტრემალური სპორტის სახეობას და სქესობრივი ლტოლვის გაძლიერებას. კომპანიები, რომლებიც ამ სეგმენტზე მუშაობენ, ცდილობენ, სასმელის ინგრედიენტები ახალგაზრდობას მოარგონ და ირწმუნებიან, რომ გონებრივი და ფიზიკური სტიმულატორების გაძლიერებას მიმართავენ.
- რა რაოდენობით შეიცავენ კოფეინს ეს სასმელები საშუალოდ?
-ზოგიერთი სასმელის 8 თხევადი უნცია 350 მგ კოფეინს შეიცავს, მაშინ, როცა 16 უნცია ყავა, საშუალოდ დაახლოებით 170 მგ კოფეინს შეიცავს.
კოფეინი უაღრესად ნარკოტიკული პრეპარატია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გვერდითი მოვლენები. ორი– ოთხი ჭიქა ყავა არაა ისე მავნებელი ორგანიზმისთვის, როგორც ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი.
მარი კახიაშვილი
საინფორმაციო სააგენტო newspress.ge