7-07-2022
მადამ პრეზიდენტო და პოლიტიკანო ნაც-უფლებადამცველებო, სისხლის სამართლებრივი დევნა, ადამიანებისა ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, ვის წინააღმდეგაც არანაირი იურიდიული მტკიცებულება არ არსებობს და აქვთ მხოლოდ მკვეთრად განსხვავებული პოზიციები, მათი მოკვეთის მოთხოვნა, მორალური განადგურება და ციხეებში გამოკეტვა, არის ფაშისტურ-ბოლშევიკური აზროვნების შედეგი. მას არავითარი საერთო არ აქვს დასავლურ ღირებულებებთან - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა გარანტი - პრეზიდენტი, განსხვავებულად მოაზროვნეთა საპყრობილეში გამომწყვდევას მოითხოვს.
„მადამ პრეზიდენტის ვნებანი როცა ჩვენი ფრანცუჟენკა პრეზიდენტი პერიოდულად მარგინალურ აზრებს გადმოაფრქვევს, ბევრს უკვირს, საფრანგეთის დემოკრატიის პირობებში დაბადებულ-აღზრდილ და განათლებამიღებულ ქალბატონს რატომ მოსდის ასეთი შეცდომები.
ალბათ გვავიწყდება, რომ ჩვენთვის ხელიხელ საგოგმანები და იდეალად გამხდარი ევროპა სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი, უხინჯო და ყველაფერში მისაბაძი.
სწორედ ევროპაში, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის პარალელურად, დაიბადა და აღორძინდა, ჯერ კომუნისტური, ხოლო შემდეგ ფაშისტური მოძღვრებები. დღეს კი ევროპაში, აშშ-ს მსგავსად, გაბატონებას ცდილობს ფსევდო ლიბერალური ტოტალიტარიზმი, რომელიც მისგან განსხვავებული ყველა იდეოლოგიის, რწმენის თუ მოძღვრების მატარებელთ, ჩამორჩენილებს და ჰომოფობებს უწოდებს, მათ ადგილს ისტორიის სანაგვეზე ხედავს, განსხვავებული აზრის გამოხატვის შეზღუდვას ნორმად მიიჩნევს.
საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა გარანტი - პრეზიდენტი, განსხვავებულად მოაზროვნეთა საპყრობილეში გამომწყვდევას მოითხოვს. როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, შეუწყნარებლობით გაჟღენთილი პოზიციები ვრცელდება, გვინდა თუ არა, ჩვენს თვალწინ ცოცხლდება ფსევდო ლიბერალური ტოტალიტარიზმის ადეპტების გავეშებული სახეები.
აიკრძალოს საკანონმდებლო დონეზე ადამიანთა ჯგუფების საქმიანობა. განსხვავებული პოზიციების გამო, სასწრაფოდ გაამწესონ ისინი საპრობილეში. ასეთი მოწოდებები, დემოკრატიის სახელით შეფუთული ანტიდემოკრატიული მოთხოვნებია.
"ჩვენმა" მადამ პრეზიდენტმა, „გამოჩენილი“ სახალხო დამცველის და ნაც-ენჯეოების კვალდაკვალ, გააფთრებით და მთელი კატეგორიულობით მოითხოვა 2021 წლის 5 ივლისის ანტი ელგებეტური დემონსტრაციის ორგანიზატორთა დაპატიმრება. თუმცა კარგად იციან, რომ ამ ორგანიზატორებს არ მოუწოდებიათ ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობისკენ, მათ უბრალოდ, აჩვენეს, რომ იდეოლოგიური, ინტელექტუალური თუ რაოდენობრივი უპირატესობა, დღევანდელ საქართველოში ანტი ელგებეტური ძალების მხარესაა. სწორედ ამის დემონსტრირება ვეღარ უნდა გაბედონ კონსერვატიულმა ძალებმა, რათა "ლიბერალების" პატრონებმა დასავლეთში არ დაინახონ, რომ ჩვენი „პრადვინუტები“ ხარისხიანად ვერ ასრულებენ იმ საქმეს, რაშიც მათ მილიონებს უხდიან.
აი ეს არის ფსევდო ლიბერალიზმი და ექსტრემიზმი. 5 ივლისის აქციაზე არავითარი ძალადობა არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ჟურნალისტების მხრიდან პროვოკაციული, გამომწვევი მოქმედებები, რაც გამოიხატებოდა აქციის მონაწილეებისთვის „პუტინისტების“, „ბნელების“ და „სამშობლოს მოღალატეების“ ძახილში. ამ დღეს ჟურნალისტებმა იმ ადამიანების როლი იკისრეს, რომლებსაც კონკრეტული პარტიები მიაგზავნიან ხოლმე მათთვის მიუღებელი დემონსტრაციების ჩასაშლელად.
ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს უკეთ მოეხსენებათ, რომ ნებისმიერი მიტინგის პროვოცირებისთვის საკმარისია, 20-30 პროვოკატორის შეგზავნა, რომლებიც შეურაცყხოფენ მომიტინგეებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს შეხლა-შემოხლას (თუნდაც ფიზიკურს) და მოახდენს მიტინგის დისკრედიტაციას. მადამ პრეზიდენტო და პოლიტიკანო ნაც-უფლებადამცველებო, სისხლის სამართლებრივი დევნა, ადამიანებისა ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, ვის წინააღმდეგაც არანაირი იურიდიული მტკიცებულება არ არსებობს და აქვთ მხოლოდ მკვეთრად განსხვავებული პოზიციები, მათი მოკვეთის მოთხოვნა, მორალური განადგურება და ციხეებში გამოკეტვა, არის ფაშისტურ-ბოლშევიკური აზროვნების შედეგი. მას არავითარი საერთო არ აქვს დასავლურ ღირებულებებთან“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024