2-07-2018
ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის განცხადებით, მასზე და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის დროს ნიკა გვარამია პროკურორის მოადგილე იყო და ამ საქმეების გამოძიება მისი მოვალეობა იყო.
დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის პასუხის გასაცემად „რუსთვაი 2“-ის ეთერში გამოსვლის შესაძლებლობას მოითხოვს.
„გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ ძალიან საინტერესო დიალოგი გამართეს ერთმანეთში, როდესაც ნიკა გვარამია - გენპროკურორის მოადგილე იმ დროს - ეუბნებოდა სააკაშვილს - პრეზიდენტს იმ დროს - ეუბნებოდა რატომ არ გამოიძიეთ საქმეებიო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. შიზოფრენია სალანძღავი სიტყვა არ არის. ეს არის პიროვნების გაორება. ბატონ გვარამიას დაავიწყდა რომ თვითონ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და ვალერი გელაშვილის ამბავიც, ჩემი ამბავიც - მისი გამოსაძიებელი იყო და გვარამია ეკითხებოდა სააკაშვილს რატომ არ გამოვიძიეთო. ბოლოს, ეს ორი ვაჟკაცი შეთანხმდა, რომ ჩვენი ბრალი არაფერი არ არის და ერთადერთი ქალი ეჯდატ სტუდიაში ეკა კვესიტაძე და შენი ქმრის ბრალია ყველაფერიო უთხრეს. მის მეუღლეს თავის პრობლემები აქვს მაგრამ თუ სწორად მახსოვს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო და მის ფუნქციებში არაფრის გამოძიება და რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შედიოდა.
სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. მინდა მივმართო ბატონ გვარამიას - ბატონო ნიკა, თუ თქვენ ამნეზია გჭირთ და აღარ გახსოვთ, რომ პროკურორის მოადგილე იყავით და თქვენი პირდაპირი მოვალეობა იყო გელაშვილის და ჩემზე თავდასხმების გამოძიება - და გახსოვთ მხოლოდ ის, რომ დღეს დიდებული ჟურნალისტი ბრძანდებით - მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტი დაიცავით -და როდესაც ბატონი სააკაშვილი გამოდის და ცრუობს ჩემთან მიმართებით - კეთილი ინებეთ და მომეცით იგივე შესაძლებლობა თქვენი ტელევიზიით გამოვიდე და პასუხი გავცე ბატონ სააკაშვილს და თუ მას არ შეეშინდება ჩაერთოს თავისი ამსტერდამიდან. იმიტომ რომ რაც მან ისაუბრა არის სრული სიცრუე“-განაცხადა დავითაშვილმა.
18-12-2024