გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალია

3-07-2018

საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში სამმა სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა წყარომ დაასახელა ქვეყნად, რომელიც, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს. 2016 წელს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება 2012 წლის მონაცემებით (გვ. 34). ამ მონაცემებით, საქართველო უსწრებს ჩინეთსაც, რომელიც აბსოლუტური მაჩვენებლით (და არა 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით) მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ამ ქვეყანაში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2012 წლის მონაცემებით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, მეორე ადგილზეა მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ჰაერის დაბინძურების გამო გამოწვეული სიკვდილიანობის დონის მიხედვით (უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს კვლევა ნაწილობრივ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ 2012 წლის კვლევას ეყრდნობოდა).


2016 წელს, კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, “ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტმა”, რომელიც აშშ-ში ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არის აფილირებული, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო, 2015 წელს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მესამე ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით. (ცხადია ისევ და ისევ, არა აბსოლუტური მაჩვენებლით, არამედ 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით).


დაბინძურებული ქვეყნების სიებში საქართველოს მოხვედრა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ წამყვან პოზიციებზე ჩვენი ქვეყნის ხილვა, ერთი შეხედვით, იმდენად უცნაურია, რომ ვინმემ ეს შეიძლება მონაცემთა შეგროვების პროცესში დაშვებულ შეცდომებს დააბრალოს და ჩათვალოს, რომ მთლად ასეთი კატასტროფული მდგომარეობაც არ შეიძლება გვქონდეს. სინამდვილეში, დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა და გამოწვევა სწორედ გარემოს დაბინძურებაა. ამ სტატიაში ზოგადად გარემოს დაბინძურებაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ შევეხებით ჰაერის დაბინძურებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. წელს გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში საქართველოში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემა აღიარებულია სწორედ ისეთი სიმწვავით, როგორც ამას ზემოაღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოაჩენენ.


სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ურბანულ გარემოში ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მთავარ მიზეზად დასახელებულია ავტომანქანების გამონაბოლქვი (გვ. 8). საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშის ავტორები წერენ, რომ, მაგალითად, 2016 წელს ნახშირჟანგის (CO) მთლიანი გამონაბოლქვის 84 % ავტომანქანებზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენი - სტაციონარულ წყაროებზე (სამრეწველო ობიექტებზე). იგივე შეიძლება ითქვას აზოტის ორჟანგისა (NO2) და ბენზოლის (C6H6) მაჩვენებლებზეც - ორივეგან ავტომანქანების გამონაბოლქვი წამყვან როლს თამაშობდა პრობლემის შექმნაში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ნაწილობრივ მაინც აღიქვამენ პრობლემის სიმწვავეს და ზოგჯერ ღიადაც საუბრობენ ამაზე, ისინი მაინც საკმარისად რეალისტურად ვერ აფასებენ იმას, თუ რამდენად პრობლემურია საქართველოში არსებული მდგომარეობა, თუ ჩვენს თავს სხვა განვითარებად ქვეყნებს შევადარებთ. მდგომარეობის სიმწვავე ყველაზე კარგად ჩანს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებით წამყვან პოზიციებს ვიკავებთ.


დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობაზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს. მას არაერთი მწვავე თუ ქრონიკული დაავადების გამოწვევა შეუძლია. მათ შორის, ყველაზე ხშირია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები. მაღალ სიკვდილიანობასთან ერთად, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი და ასთმა, მნიშვნელოვნად აუარესებენ ცხოვრების ხარისხს. მათ მიერ მიყენებული ზიანი სიკვდილიანობის სტატისტიკაში ასახულზე გაცილებით მეტია. აღიარებული ფაქტია, რომ დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ახალშობილებზე და მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.


დაბინძურებულ გარემოს განსაკუთრებულად დიდი ზიანი მოაქვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. გამოწვეულ დაავადებათა მკურნალობა, რაც ხშირად ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ პროცედურებს მოითხოვს, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ უმცირესობისთვისაა ხელმისაწვდომი. ამასთან, ეკონომიკურად დაწინაურებული მოსახლეობა დაბინძურებული სივრცეებისგან თავის დაღწევას ახერხებს, ქალაქში კი სიღარიბისა და დაბინძურების კონცენტრირებული ზონები რჩება.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარემოს დაბინძურებას არა მხოლოდ უშუალო, არამედ გრძელვადიანი ზიანის მოტანაც შეუძლია. გარემოსთვის მიყენებული ზიანი მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანად თანდათან იქცევა და მისი შედეგებიც დროთა განმავლობაში, წლების მანძილზე ვლინდება. დაბინძურებულ გარემოში გაზრდილ თაობას ეს ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.


ხშირად გარემოს დაცვის რეგულაციების შემოღებას ეკონომიკური არგუმენტით ეწინააღმდეგებიან ხოლმე - ამბობენ, რომ ეს ეკონომიკის ზრდას შეამცირებს. ნაწილობრივ, ამის გამო, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ეკონომიკურ ზარალად თარგმნა, უფრო და უფრო პოპულარული ხდება განსაკუთრებით დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებას მთელი მსოფლიოსთვის წელიწადში 225 მილიარდი დოლარის ზარალი მოაქვს. თუ სიკვდილიანობით გამოწვეულ ზარალს ცხოვრების ხარისხის გაუარესებით მიყენებულ ზიანსაც დავუმატებთ, საერთო ზარალი ერთ ტრილიონ დოლარს აღწევს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რამდენიმე ათწლეულში ჰაერის დაბინძურებით მიყენებული ზარალი 2.6 ტრილიონ დოლარს, ანუ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 1 %-ს მიაღწევს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო ყოველწლიურად კარგავს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5 %-ს.

გარემოს დაცვის რეგულაციების გამკაცრებას ორი ერთმანეთთან დაკავშირებული გზით შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა. სწორად დაგეგმილი რეგულირება ზიანით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს აგვარიდებს თავიდან და, ამავდროულად, ინვესტიციისა და ეკონომიკური აქტივობის ახალ წყაროებს შექმნის. ამერიკის გარემოს დაცვის (EPA) სააგენტოს კვლევის მიხედვით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად გაწეული ინვესტიციის მასტიმულირებელ ეფექტს შეუძლია რეგულაციით გამოწვეული ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტის გაბათილება. აშშ-ში, ერთი შეფასებით, 1970 წელს მიღებულმა “სუფთა ჰაერის აქტმა” (Clean Air Act) 70 %-ით შეამცირა დამაბინძურებლები ჰაერში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის კონტროლში ინვესტირებულ ყოველ 1 დოლარს 30 დოლარის მოგება მოაქვს.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ეკონომიკურ ზარალად თარგმნა პრობლემურ საკითხად რჩება. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოსთვის მონეტარული ღირებულების მინიჭება, უკეთეს შემთხვევაში, არასრულ სურათს ქმნის.


ზოგიერთ ეკონომიკურ ჩარჩოში სუფთა გარემოს ხელმისაწვდომობა, უფლების ნაცვლად, სამომხმარებლო პროდუქტადაც კი გვევლინება. “ჯანმრთელობით ვაჭრობა” უკიდურესად პრობლემურია, რადგან ჯანმრთელობის ან სიცოცხლის კომოდიფიკაციას (დათვლად ეკონომიკურ პროდუქტად ქცევას) თავისი საზღვრები აქვს. ჯანმრთელობის ღირებულების სრულყოფილად გამოხატვა ფულადი ერთეულით, ბევრი ადამიანის პერსპექტივიდან, არსებითად, შეუძლებელია. ბევრი ადამიანისთვის, ჯანმრთელობის დაზიანების საკომპენსაციოდ, ფულადი დახმარების შეთავაზება ნაწილობრივადაც კი ვერ აგვარებს პრობლემას. (აღარაფერს ვამბობთ სიცოცხლის ფულადი ერთეულით გამოხატვაზე)


ამასთან ერთად, უფრო ფართო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, გარემოსთვის მიყენებული ზიანის წმინდა ეკონომიკურ ჩარჩოში მოქცევა ეკოლოგიურ კრიზისს საბუღალტრო, ტექნიკურ პრობლემად ნიღბავს. ეკოლოგიური კრიზისის პოლიტიკური განზომილება კადრს მიღმა რჩება. ამ მიდგომის მიხედვით, პრობლემას ის იწვევს, რომ კლასიკური ეკონომიკური მაჩვენებლები ეკოლოგიურ ზიანს სათანადოდ ვერ აღრიცხავს და ამიტომაც ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილებაც (მაგალითად, გარემოსთვის მიყენებული ზიანი სწორად ვერ ითვლება). გამოსავლად კი გვევლინება უკეთესი აღრიცხვა: მთლიანი შიდა პროდუქტის ნაცვლად, “მწვანე მთლიანი შიდა პროდუქტი,” ეკონომიკური განვითარების ნაცვლად - “მდგრადი განვითარება” და ა.შ. სინამდვილეში, უკეთესი გარემოსთვის ბრძოლა ნიშნავს ეკოლოგიური სამართლიანობისთვის და მეტი დემოკრატიისთვის ბრძოლასაც. ამ პრობლემების მოგვარება ფართოდ არის დაკავშირებული ზოგადად სოციალური სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლასთან და არ არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმით ექსპერტებს არსებული პრობლემები, არამედ დაკავშირებული უპირველესად იმასთანაც, თუ რამდენად არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეკოლოგიური საკითხების რეალური გადაწყვეტა დადგეს დღის წესრიგში.


საქართველოში არსებული ეკოლოგიური პრობლემებიც, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების არქონასთან არის დაკავშირებული. ჰაერის დაბინძურება პრობლემას ყველაზე მეტად უქმნის ღარიბ მოსახლეობას, რომელსაც არ აქვს საშუალება ჯანმრთელობის პრობლემებს სათანადო ყურადღება მიაქციოს ან უფრო უკეთესი საცხოვრებელი პირობები თუ გარემო შეიქმნას. თბილისში, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად არის დაცული ფეხით მოსიარულეებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანების ინტერესები.


ჰაერის დაბინძურება საქართველოში იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ მისი მოგვარების გადადება არ შეიძლება. ამიტომ, აუცილებელია, რომ დღესვე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა დავიცვათ.






radiotavisufleba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031