15-07-2022
ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით გაანადგურეს. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, სპეციალური ოპერაციული ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეექვსე დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი დაესწრნენ.
სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო გასროლები განხორციელდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენდა.
16-11-2024
16-11-2024