გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მაღრაძე: ევროკავშირის ხელმძღვანელობის განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ თუ ომში ჩავებმებოდით, სტატუსს მოგვცემდნენ, ეს მაღალი ტრიბუნიდან ითქვა კიდეც

19-07-2022

ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს? რისთვის, იმიტომ, რომ ევროკავშირში შემდეგ ჩვენი შესანდობარი თქვან თუ რატომ? ხომ ვიცით, რომ საქართველო უკრაინა არ არის, არც შესაძლებლობებით, არც სიძლიერით, ფართობით, ამდენს ვერ ავიტანთ. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ ვისწრაფვით, რომ მასთან ვითანამშრომლოთ და არა დავიხოცოთ - ამბობს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ თუ ომში ჩავებმებოდით, სტატუსს მოგვცემდნენ, ეს მაღალი ტრიბუნიდან ითქვა კიდეც.

 

„მესმის, რამაც გამოიწვია მოსახლეობის გულისწყრომა, ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი პერსპექტივა მოგვცეს. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინა მზად არის ევროპისთვის მოკვდესო. მოდი, ეს განცხადება ჩვენს ენაზე გადმოვთარგმნოთ - რაიმე სტრუქტურა ღირს სიკვდილის ფასად? უკრაინაში ომმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ეს ომი ხელისუფლებას ხალხის წინაშე ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბორის ჯონსონი, რომელიც უკრაინის ძალზე აქტიური მხარდამჭერი იყო, მაგრამ თანამდებობა დაატოვებინეს...

 

საქართველოს საკითხი ასე დაუყენეს - აქ არის ოლიგარქიული მმართველობა, მოსახლეობა კი პოლარიზებულიაო, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ევროპაში შესვლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ხალხს თუ არ ჩავთვლით, რადიკალური ოპოზიცია ორ-სამ კაცს აგროვებდა აქციაზე.

 

თუმცა ევროპის თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ისინი მათ მხარდასაჭერად არ გასულან... ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ხაზგასმით თქვეს, უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან მზად არის ევროპისთვის მოკვდეს, საქართველოს კი პერსპექტივას ვანიჭებთო, ანუ ჩვენ არა ვართ მზად ამისთვის. ეს ხომ მხოლოდ პირადი თავგანწირვა კი არა, მთელი ახალგაზრდობის გაწირვაა და ამიტომ ვკითხულობ - ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს? რისთვის, იმიტომ, რომ ევროკავშირში შემდეგ ჩვენი შესანდობარი თქვან თუ რატომ? ხომ ვიცით, რომ საქართველო უკრაინა არ არის, არც შესაძლებლობებით, არც სიძლიერით, ფართობით, ამდენს ვერ ავიტანთ. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ ვისწრაფვით, რომ მასთან ვითანამშრომლოთ და არა დავიხოცოთ... რაც უკრაინას შეუძლია, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გაუძლო, იმას საქართველო ფიზიკურად ვერ გაუძლებდა.

 

ევროკავშირის ხელმძღვანელობის განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ თუ ომში ჩავებმებოდით, სტატუსს მოგვცემდნენ, ეს მაღალი ტრიბუნიდან ითქვა კიდეც. ჩვენი ყველა ცოდვა-ბრალის გადაფარვასაც ნუ ვეცდებით და ისიც ვაღიაროთ, რომ უამრავი პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, კარგად ვიცნობ ევროპას თავისი მიღწევებითა და ნაკლით. მიღწევებზე უკვე ვისაუბრე, ნაკლზე მისაუბრია და გავიმეორებ - ევროკომისიაში სიტყვა "შობის" არაკორექტულობაზე მსჯელობენ, რაც ევროპული ტრადიციიდან გადახვევის მცდელობაა.

ევროპას ახასიათებს ბიუროკრატიაც, მაგრამ იმდენად მაღალი ყოფითი კულტურა აქვთ, რომ ეს დამღუპველი არ არის, ბოლოს და ბოლოს, ევროპის ნაკლის წამალი ისევ იმ სამყაროშია. ამიტომ ვამბობ, საქართველოს უკეთესი მიმართულება არა აქვს. ქართველი საზოგადოების სწრაფვა ნათელია, მაგრამ ამ კანდიდატის სტატუსს ისე ნუ შევხედავთ, თითქოს ნაძვის ხეზე ჩამოკიდებული კანფეტი იყოს. მისი მონიჭება სტიმული იქნება, მაგრამ ისეთ ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ ამ სტატუსის მოცემის შემდეგ, მაპ-იც რომ მოგვცენ და ნატოშიც რომ მიგვიღონ, ჩვენი სამეზობლო არ შეიცვლება, გეოპოლიტიკიდან ვერ ამოვხტებით და რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაცვლად, ბელგია, საფრანგეთი, ნორვეგია და შვეიცარია ვერ გახდებიან ჩვენი მეზობლები.

 

ეს მეზობლობა სამუდამოა. პოლიტიკა არსებული რეალობის გააზრება და შემდეგ მოქმედებაა და არა მიტინგებზე ემოციური შეძახილები“ - აცხადებს დავით მაღრაძე.

 

რაც შეეხება იმას, რომ ამ ორგანიზაციებში გაწევრების შემდეგ საფრთხეები მცირდება, მაღრაძე აღნიშნავს - დიახ, მაგრამ უსაფრთხოების პარალელურად, საფრთხესაც გვაძლევს, უკრაინას სწორედ ნატოსკენ სწრაფვის გამო დაარტყა რუსეთმა.

 

„არ უნდა დაგვივიწყდეს, რომ ამ სამყაროსკენ სავალი გზები უდიდეს რისკებს შეიცავს. ამიტომ გვჭირდება გონიერი პოლიტიკა, რომ ევროკავშირამდეც და ნატომდეც უსაფრთხოდ მივაღწიოთ. მზად ვართ სიკვდილისთვისო წმინდა პათეტიკური გამონათქვამია. პირადად მე, ჩემს ხალხთან ერთად სათანამშრომლოდ ვარ მზად, ისე, რომ გადავრჩეთ, მხოლოდ ცოცხალი ადამიანი გააგრძელებს ქვეყნის მომავალს. დიდებულ იდეას ყოველთვის ეწირებოდნენ ადამიანები, ეს გმირობაა, მაგრამ ერთეულების ხვედრია. ეს სულიერი მდგომარეობაა, რომელიც ნაციის ნათელ მომავალს წაადგება, მაგრამ ნაციას, ერს არა აქვს თავგანწირვის ვალდებულება...

 

პატარა საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, უამრავი სისხლი ღვარა საუკუნეების განმავლობაში, თავისუფლებისკენ სავალ გზას ახლაც განუხრელად ვადგავართ, ბეწვის ხიდს გავდივართ, დიდმა ქვეყნებმა კი უნდა გაიგონ და ისეთი საფრთხის, დარტყმის ქვეშ არ უნდა დაგვაყენონ, რომელსაც ვერ გავუძლებთ. როდესაც მავანი გმირულ თავგანწირვაზე საუბრობს, აგული ერისთავი მახსენდება, შენ ის პიპინია არა ხარ, საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო?! ჩვენ ვნახეთ ასეთი "გმირები" წითელ ხიდთან და უფრო ადრეც, აფხაზეთის ომში. რუსის ჯართან არ მიომია, მაგრამ მათგან განსხვავებით, იქ ვიყავი... ამ ბოლოს პარალელური სამყარო გაჩნდა და უამრავ ირონიულ რამეს ვაწყდებით. მაგალითად, რეპრესიული რეჟიმის პროკურორი თავისუფალი მედიის ვარსკვლავი გახდა. შეიძლება ლავრენტი ბერია თავისუფალი მედიის მენეჯერი ყოფილიყო, ან გებელსი პატიმრების უფლების დამცველი გამხდარიყო?!- აცხადებს დავით მაღრაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031