გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: სწორედ დღევანდელი დასავლეთის უსამართლო პოლიტიკა აღვივებს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს

21-07-2022

„დღევანდელ ტრენდად ქცეულ, 308 ევროდეპუტატის სულისკვეთებას, თითქოს საქართველოში ანტიდემოკრატიულ- ოლიგარქიული მმართველობაა, არც ევროკავშირის და არც აშშ-ის ელჩები არ გამიჯვნიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს ჩვენს ქვეყანაში ღირებულებების, დემოკრატიისა და თავისუფლების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე წერს.

 

ნანა კაკაბაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის სასამართლო რეფორმას იხსენებს, სადაც ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილს აღარ აწყობდა თავისუფალი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები, რომლებიც პირველი რეფორმის შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალებამდე, 5-7 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

„ღირებულებები თუ ინტერესები? თითქმის 30 წელია, საქართველოში,დროში გაწელილად, მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა. ეს რეფორმირება, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც, გაიგივებული იყო აშშ-ს საელჩოსთან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის, იმდროინდელ თავმჯდომარესთან, მიხეილ სააკაშვილთან. სწორედ მათი მეშვეობით დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს მოსამართლეების სწავლება-გადამზადებისა და რეფორმირების პროცესი.

 

სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პოსტზეც განაგრძო სასამართლო რეფორმა და წლების მანძილზე დიდი პიარ კამპანიები ჩაატარა იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოახერხა მე-20-21-ე საუკუნეების მიჯნაზე შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემის დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური და პატიოსანი მოსამართლეებით.

 

გავიდა დრო, 2003 წელს სააკაშვილი და მისი მომხრეები სახელმწიფო გადატრიალებისა და შევარდნაძის მმართველობის დამხობის გზით, მოვიდნენ ხელისუფლებაში. ნაცვლად იმისა, რომ თავისივე გაპიარებული მოსამართლეებით ეამაყათ, თითქმის ყველა მათგანი აიძულეს გასულიყო პენსიაში ან სრულად დამორჩილებოდა ხელისუფლებას, კერძოდ კი ზურა ადეიშვილის ნება სურვილს. ამავე პრინციპით მოიყვანეს და დანიშნეს ახალი მოსამართლეები. ესეც აშშ-ისა და სააკაშვილის სახელით განხორციელდა. ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილს აღარ აწყობდა თავისუფალი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები, რომლებიც პირველი რეფორმის შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალებამდე, 5-7 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ჩვენდა გასაკვირად, ასეთი მოსამართლეების სახლში გაშვებასა და მათ ადგილზე მორჩილი მოსამართლეების დანიშვნას, მხარი ამერიკელებმაც დაუჭირეს. ამერიკელ გადასახადების გადამხთელთა ფულით დატრეინინგებული, მათივე საამაყო მოსამართლეები, სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით უმუშევრად დატოვა. აქ პირველად გამოჩნდა, რომ აშშ-ს საელჩოს ინტერესი ჩვენს ქვეყანაში იყო არა ღირებულებების დაცვა, არამედ საკუთარი მორჩილი ხელისუფლების შენარჩუნება, რომელსაც მმართველობის წლებში ყველაფერს უპრავებდა (ჯიბის სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ელიტარულ კორუფციას, ქუჩებში ხალხის ჩახოცვას, ციხეებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას მედიის დარბევება-დამორჩილებას და ა.შ). სიტყვები „სამართლიანობა“ და „დემოკრატია“ , საზოგადოებაში მხოლოდ სიმწრის ღიმილს იწვევდა.

 

ამ პოზიციას საზოგადოებასთან ერთად, დღევანდელი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა (ნაციონალების გარდა) იზიარებდა. მიუხედავად გამოკვეთილად ანტიდემოკრატიული რეჟიმისა, სააკაშვილის მართველობას, ამერიკის პრეზიდენტიც კი "დემოკრატიის შუქურად" აფასებდა, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილებასა და ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებდა.

 

ქართველი ხალხის მიერ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მოსამართლეებს მიეცათ თავისუფლება, რომ გადაწყვეტილებები მიეღოთ კანონისა და საკუთარი რწმენის შესაბამისად. იმატა გამამართლებელმა განაჩენებმა.

 

საპროცესო შეთანხმებებით, ხალხის გაკულაკებით, არალეგალური ფონდების შავი ფულით, ბიუჯეტისა თუ ჩინოვნიკების ჯიბეების შევსება დასრულდა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, იდიალურ სასამართლოს, მაგრამ პროგრესი გახდა თვალშისაცემი. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში, ისეთი ჩანაწერები, როგორიც სანდრო გირგვლიანისა თუ სულხან მოლაშვილის საქმეებში იყო, სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ აღარ ყოფილა.

 

სააკაშვილის ჯიბის სასამართლოსთან შედარებით, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა. ამაზე მეტყველებს ციფრებიც, ექსპერტთა შეფასებებიც და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოდან მიმართვიანობა თითქმის 10-ჯერ შემცირდა, გამამართლებელი განაჩენებისა და ბრალდებულთათვის გირაოს შეფარდების რაოდენობა დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. სასამართლო პროცესები გაიხსნა ჟურნალისტებისთვის და ა. შ. ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ გამოვდგებით დღევანდელი მოსამართლეების ადვოკატებად, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის დროს მუშაობდა.

 

არა ვართ დარწმუნებული, ხელისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამართლეებს აღმოაჩნდებათ თუ არა იმუნიტეტი მოთხოვნის მიმართ, მაგრამ თუნდაც ზემოხსენებული სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან სისტემატური მოთხოვნებისგან (როგორც ეს იყო სააკაშვილის მმართველობის დროს) ისინი თავისუფლები არიან. არსებული სიტუაციის იგნორირებით, აშშ-ს ელჩი, თავგამოდებით იმეორებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნარატივს, რიგ შემთხვევებში ახდენს იმის გაზიარებას, თითქოს დღევანდელი სასამართლო არა სამართალს, არამედ ხელისუფლებას ემსახურება. კიდევ ვიმეორებთ: ჩვენ თავს ვერ დავდებთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელია ამა თუ იმ მოსამართლემ შეასრულოს ხელისუფლების მოთხოვნა, მაგრამ თუ ამას სისტემატურად აქვს ადგილი, მაშინ როგორღა ხდება იმ მრავალრიცხოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება, სადაც კერძო პირი ან კომპანია ადმინისტრაციულ დავებს უგებს სახელმწიფო სტრუქტურებს? აღარაფერს ვამბობთ სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებზე, სადაც პიროვნება უგებს პროკურატურას.

 

შეუძლებელია ამას ვერ ხედავდეს აშშ-ს ელჩი. ვინაიდან მან ვერ მიაღწია საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებას, ისევ ყველაფერზე წამსველ-ხელის მომწერი, სააკაშვილის ანტიდემოკრატიული მმართველობა არჩია. ალბათ ამიტომ ქ-ნი ელჩი, თითქმის ყველა საქმეში ოპოზიციის მხარდამჭერ ქმედებებს მიმართავს, რასაც მოსამართლეებთან და სასამართლოსთან დამოკიდებულებაშიც გამოხატავს.

 

ფაქტია ისიც, რომ დღევანდელ ტრენდად ქცეულ, 308 ევროდეპუტატის სულისკვეთებას, თითქოს საქართველოში ანტიდემოკრატიულ- ოლიგარქიული მმართველობაა, არც ევროკავშირის და არც აშშ-ის ელჩები არ გამიჯვნიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს ჩვენს ქვეყანაში ღირებულებების, დემოკრატიისა და თავისუფლების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს. ის მშვენივრად ითანამშრომლებს და იმეგობრებს აზერბაიჯანთან, თურქეთთან, არაბულ თუ აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან და თვალს დახუჭავს მათი რეჟიმების არადემოკრატიულობაზე, ხოლო მათთან შედარებით ასჯერ დემოკრატიულ საქართველოს არადემოკრატიულს და ოლიგარქიულს დაარქმევს. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ, რომ სწორედ დღევანდელი დასავლეთის ანტიდასავლური, უსამართლო პოლიტიკა აღვივებს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს“- წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930