გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთ წელიწადში, 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, აქედან 262 ექიმს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 99 ექიმს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება

5-07-2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროების გამკაცრებული კონტროილისკენ მოუწოდებს. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, გიორგი ზოიძის, განცხადებით, მოკლევის საგანს წარმოადგენდა ის საკითხები, თუ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, სამედიცინო საქმინობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საერთო ჯამში რამდენი საჩივარი ან/და განცხადება შევიდა სამედიცინო დაწესებულის ან სამედიცინო პერსონალის მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე, რა რეაგირება ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს, სააგენტოს ზედამხედველობისა და მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა თუ არა რაიმე ტიპის გადაცდომა, რასაც სააგენტოს მხრიდან სამედიცინო დაწესებულების ან სამედიცინო პერსონალის მიმართ გარკვეული სანქციის გამოყენება მოჰყვა, როგორია სააგენტოს მიმართ მომართვიანობა სამედიცინო საქმიანობის ნებართვებთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში გასცემს ან არ გასცემს სააგენტო შესაბამის ნებართვას, რა ფორმით ხორციელდება ზედამხედველობა/კონტროლი აფთიაქებთან მიმართებით, რა ტიპის დარღვევები ვლინდება ამ მიმართულებით, როგორ რეაგირებს დარღვევებზე სააგენტო და ხორციელდება თუ არა სამედიცინო დაწესებულეებებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესაბამისი კონტროლი.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 აპრილამდე, საერთო ჯამში, მომართვის/განცხადების საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებებში 30 შემთხვევაში განახორიელდა სამედიცინო დაწესებულებებში უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობის, სალიცენზიო, სანებართვო ტექნიკური რეგლამენტით განთვალისწინებული პირობების შემოწმება. პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა საერთო ჯამში განხორციელდა 204 შემთხვევაში. გამოვლენილი დარღვევების გამო, სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქცია, რამაც საერთო ჯამში შეადგინა - 25 429 ლარი. ამასთან, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, რა შემთხვევაშიც, 262 ექიმს მიეცა წერილობითი ფართხილება, ხოლო 99 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. 

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ და მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის, შემოწმებული 380 შემთხვევიდან დარღვევები გამოვლინდა 217 შემთხვევაში. დარღვევების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა. დღეის მდგომარეობით, ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ საერთო ჯამში შეადგინა 183 200 ლარი. მითითებული დადგენილებებით, დაჯარიმებული დაწესებულებების ძირითად დარღვევებს წარმოადგენს: სამედიცინო/სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა, სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება, სამედიცინო დაწესებულების არსებული ინფრასტრუქტურის დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობა, სამედიცინო ნარჩენების მართვა და ა.შ. 

მნიშვნელოვანია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ სამედიცინო დაწესებულებების მიმართვიანობის საკითხი, რომელიც მათ შორის გულიხსმობს სამედიცინო საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებას. 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, საერთო ჯამში, სააგენტოში რეგისტრირდა 469 განაცხადი, საიდანაც 133 შემთხვევაზე ითქვა უარი. უარის ძირითად მიზეზს წარმოადგენს დოკუმენტაციის შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ან სანებართვო-სალიცენზიო საქმიანობის პირობების შეუსაბამობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. 

შესწავლის პროცესში საყურადღებო აღმოჩნდა მონიტორინგის შედეგები აფთიაქების საქმიანობის მიმართ. შესწავლილი მასალებით დგინდება, რომ აფთიაქების საქმიანობის მიმართულებით გამოვლინდა შემდეგი ტიპის დარღვევები: ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის, აღრიცხვისა და გაფორმების წესების დარღვევა, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის განადგურების წესის დარღვევა, ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა, აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ გამოვლენილია უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის ფაქტებიც ანუ ისეთი შემთხვევები, როდესაც აფთიაქი საქმიანობას ახორცეიელებს შესაბამისი ლიცენზია/ნებართვის გარეშე. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევები უკიდურესად საგანგაშოა, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მკაცრი და პრინციპული დამოკიდებულების არსებობა. დღეის მდგომარეობით, უცნობია ინფორმაცია დასახელებული დარღვევების მიმართ სააგენტოს რეაგირების შესახებ. აუცლიებელია განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს ფარმაცევტულ საქმიანობაზე, ვინაიდან თავიდან იქნას აცილებული ქვეყანაში არალიცენზირებული, ვადაგასული მედიკამენტების რეალიზაცია, აფთიაქების უკანონო, უნებართვო საქმიანობა, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული მოქალაქეთა ჯანმრთელობა. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესწავლის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს სააგენტოს მხრიდან ადმინისტრაციული განცხადების განხილვის პროცესზე, რა შემთხვევებშიც ადგილი აქვს კანონმდებლობის პირდაპირი და უხეში დარღვევების ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს კონკრეტულ შემთხვევაზე, სადაც ორგანიზაცია ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. აღნიშნული ეხება ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის მიერ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციით გამოწვეულ ზიანს. მოცემულ შემთხვევაში ორგანიზაციამ სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში მიმართა ადმინისტარციული განცხადებით და მოითხოვა საკითხის სრულფასოვანი მოკვლევა, ეფექტური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება. ორგანიზაციის ადმინისტარციული განცხადების განხილვის პროცესში სააგენტოს მხრიდან გამოიკვეთა ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტები, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების უგულებელყოფა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა. ორგანიზაციის შეფასებით სააგენტომ სათანადოდ და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა არ ჩაატარა სრულფასოვანი ადმინისტრაციული წარმოება, არ მოიკვლია ადმინისტრაციულ განცხადებაში მითითებული ცალკეული მნიშნელოვანი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ორგანიზაციამ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ დამატებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგნეტოს ხელმძღვანელს რის შემდეგადაც ბათილად იქნა ცნობილი მიღებული გადაწყვეტილება და სააგენტოს ხელახლა დაევალა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. აღსანიშნავია, რომ მოცემული ფაქტი ხაზს უსვამს სააგენტოს არასათანადო და არასერიოზულ დამოკიდებულებას ისეთი მნიშვნელობის საკითხის მიმართ, როგორიც შეიძლება იყოს ვადაგასული მეტიკამენტის რეალიზაციით გამოწვეული ზიანი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, აგრეთვე ფინანსური კუთხით. 

ორგანიზაცია სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და წარმოდგენილი მოკვლევის შედეგების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის კომიტეტსა და უშუალოდ დასახელებულ სააგენტოს, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაეთმოს სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს, მკაცრად გაკონტროლდეს პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, ფარმაცევტულ საქმიანობასთან მიმართებით, აგრეთვე, მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების გამკაცრება, საჯარიმო სანქციების დაწესება, არსებული საჯარიმო სანქციების ზრდა, რამაც საბოლოო ჯამში, ფარმაცევტული კომპანიებისა და ცალკეული რეალიზატორების საქმიანობა, აგრეთვე სამედიცინო სფეროში მომუშავე ყველა დაწესებულების და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის საქმიანობა უნდა მოაქციოს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულ ჩარჩოში, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს სამედიცინო მომსახურების მიმღები პირების მიმართ უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ნდობა ქართული ჯანდაცვის სისტემის მიმართ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031