19-08-2022
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50.2 ათასი კაცით (6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.
საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პრცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 42.8 პროცენტი და 41.4 პროცენტი შეადგინა.
საანალიზო პერიოდში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით.
16-11-2024
16-11-2024