გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-მა ოზურგეთში ბიბლიოთეკების თანამშრომლები ციფრული სერვისების გამოყენებაში გადაამზადა

22-08-2022

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, ინტერნეტის პოპულარიზაციის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 სასოფლო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის ოზურგეთის ტექნოპარკში ტრენინგი ჩატარდა. ასკანის, ბახვის, შემოქმედის, დვაბზუს, ვაკიჯვრის, მთისპირის, ძიმითის, ლიხაურის, გურიანთის, მერიის, თხინვალის, სილაურის, ნატანების, შრომის, ურეკის, ნარუჯის, ლაითურის, ნაღობილევისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები Log-in Georgia-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გადამზადდნენ, რომლის მიზანიც ციფრული და სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და ინტერნეტზე მოთხოვნის სტიმულირებაა.


ტრენინგი ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების მეთოდებსა და სასარგებლო ონლაინ რესურსებს ეხებოდა. ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მუნიციპალიტეტში შემავალი ბიბლიოთეკების თანამშრომლები დეტალურად გაეცნენ ინტერნეტის სარგებლიანი გამოყენების შესახებ ინფორმაციას. მონაწილეებმა კომპიუტერებთან მუშაობით მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, რაც მათ პირადი თუ სამსახურეობრივი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, Log-in Georgia-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია, სოფლად მცხოვრები 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა, ასევე,  ციფრული სერვისებისა და სასარგებლო ონლაინ რესურსების გამოყენების ხელშეწყობაა.


Log-in Georgia-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას" კომუნიკაციების კომისია ახორციელებს.  ტრენინგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყო. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" მიზანია ინტერნეტის პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და შესაბამისი კურსების შეთავაზება. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას და  საჯარო უწყებების ჩართულობას აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930