1-09-2022
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბულგარეთის ახალ ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო - ბულგარეთის ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და სხვ.
აღინიშნა, რომ ბულგარეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მეტიც, ბულგარეთი რიგით მეოთხე (რუმინეთი, ლიტვა, ლატვია) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, რომელმაც მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
ასევე ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის კოვიდ-19 - ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის ზრდაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის. 2021 წელს ბულგარეთი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შევიდა. იგივე ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდა, რომლის დროსაც სავაჭრო ბრუნვა 63 პროცენტით, ექსპორტი კი - 85 პროცენტით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, ბულგარეთი რიგით მეოთხე ქვეყანაა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელა.
ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში 140 კომპანია ფუნქციონირებს ბულგარული კაპიტალით. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის კოოპერაციის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ბულგარეთიდან.
შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი, სადაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ასევე დიდი პოტენციალია. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის (connectivity) კუთხით ბულგარეთი, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.
ვიცე-პრემიერმა წარმატება უსურვა ბულგარეთის ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის განხორციელების საქმეში.
16-11-2024
16-11-2024