გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"profile"(რუსეთი): რუსეთის მიმართ საქართველოს მსგავსი დემარშით არცერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ გამოსულა

9-07-2018

"კავკასიურ გეოპოლიტიკაზე საუბრისას არცთუ ისე იშვიათად გარკვეულ სქემატიზმს ვაწყდებით. როცა რეგიონულ სიტუაციას აანალიზებენ, ექპერტები და ჟურნალისტები, როგორც წესი, ყურადღებას ძირითადად ამახვილებენ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების დამოკიდებულებაზე დასავლეთთან და რუსეთთან". ამის შესახებ რუსული გამოცემის, «Профиль»-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სერგეი მარკედონოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


საქართველო - ერთადერთი ექს-საბჭოთა რესპუბლიკა, რომელშიც ნატოში წევრობის საკითხზე საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობის უმეტესობამ თავისი პოზიტიური ნება გამოხატა. საქართველო ასევე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) - პოსტსაბჭოთა ინტეგრაციული გაერთიანება. საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მხრიდან. მოსკოვის წინააღმდეგ ასეთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგამს უკრაინასაც კი, ყირიმისა დაკარგვისა და ოთხწლიანი სამხედრო დაპირისპირების მიუხედავად.


მეორე პოლუსზეა სომხეთი: ერთადერთი ამიერკავკასიული რესპუბლიკა, რომელიც მონაწილეობს ევრაზიულ ინტეგრაციულ პროექტებში („ოდკბ“, „ევრაზეკი“). მხოლოდ მის ტერიტორიაზეა განლაგებული (თუ არ ჩავთვლით ნაწილებრივ აღიარებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს) რუსეთის სამხედრო ბაზები.

თუმცა ყოველ ამ შემთხვევას თავისი ნიუანსები აქვს: იგივე საქართველო ეფექტურად თანამშრომლობს ჩინეთთან, ირანთან და ბელორუსიასთან, ანუ იმ ქვეყნებთან, რომელთა მიმართ ძნელია ეჭვი შეიტანო მათ პროამერიკულობასა თუ პრონატოურობაში. სომხეთი კი ასევე აქტიურად ურთიერთობს ევროპასთან - გასულ წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებას. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს თბილისისა და ერევნის საგარეოპოლიტიკური კურსი, მასში მაინც არის აქცენტები, რომელთა მეშვეობით რთული კავკასიური პოლიტიკის ნიუანსები გამწვავების გარეშე გვარდება.


მაგრამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის არის ერთი სახელმწიფო, რომელსაც ვერცერთ პოლუსს ვერ მიაკუთვნებ. ეს აზერბაიჯანია. ერთი მხრივ, ბაქო ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობს, დამტკიცებულია ურთიერთობის გეგმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. აზერბაიჯანი მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებშიც... მაგრამ მეორე მხრივ, შავიზღვისპირა საქართველოსაგან განსხვავებით, კასპიისზღვისპირა აზერბაიჯანს ნატოში გაწევრიანება არასოდეს დაუსახავს მიზნად. უფრო მეტიც, 2011 წელს ბაქო მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობაში გაწევრიანდა. ასევე აზერბაიჯანი, სომხეთისაგან განსხვავებით, არც „ოდკბ“-სა და არც „ევრაზეკ“-ის წევრი არ არის. პირიქით, მას განზრახული აქვს მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების მსგავსი შეთანხმება გააფორმოს. მოკლედ, აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს თავისუფალი იყოს ისეთი ინტეგრაციული ვალდებულებებისაგან, რომლებსაც მისთვის ხელი შებოჭვა შეუძლია.


მრავალი პარამეტრის მიხედვით, აზერბაიჯანი პროდასავლურ ქვეყნად გამოიყურება. ბაქომ ჯერ კიდევ 1994 წელს გააფორმა „ე.წ. „საუკუნის კონტრაქტი“, კასპიის ნავთობისა და გაზის ამოსაღებად დასავლური კომპანიები მიიწვია, მათი დახმარებით აიგო სტრატეგიული ნავთობ-გაზსადენები... ევროპისკენაა მიმართული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც. ბაქოს მჭიდრო ურთიერთობა აქვს თურქეთთან და ისრაელთან. მის ტერიტორიაზე გადის ნატოსა და აშშ-ის ტვირთების დიდი ნაწილი ავღანეთისაკენ.


მაგრამ აზერბაიჯანს მაინც ვერ მივამსგავსებთ საქართველოს. ჯერ ერთი, რომ ბაქო, თბილისისაგან განსხვავებით, ნატოში გაწევრიანებისაკენ არ მიილტვის. ბაქო ერიდება მოსკოვთან კონფრონტაციას, რაც მას არ გამოუმჟღავნებია არც 2008 წელს საქართველო-რუსეთის კონფლიქტში და არც 2014 წელს - უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების დროს. გარდა ამისა, მიუხედავად სომხეთ-რუსეთის მოკავშირეობისა, აზერბაიჯანი, ოფიციალურ დონეზე ყოველთვის ხაზს უსვამს მოსკოვთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას. მოსკოვს ბაქო ჭირდება, ბაქოს კი მოსკოვი, რაც ერევნის უკმაყოფილებას იწვევს. თავის მხრივ, დასავლეთი უკმაყოფილოა ცოლ-ქმარ ილჰამ და მეჰრიბან ალიევების (პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის!) მმართველობით. ოფიციალურად თუ არა, ოპოზიციის დონეზე მათ ხშირად აკრიტიკებენ. თავის დროზე „ბაქოს „განსაკუთრებული პოლიტიკური სტანდარტები“ არაერთხელ გაუკრიტიკებია ამერიკის კონგრესს და ევროპარლამენტს. ამ მხრივ მოსკოვი „ტოლერანტულია“; მისთვის ილჰამ ალიევი სტაბილური პროგნოზული პიროვნებაა, კრემლი მასში საიმედო და გონიერ პარტნიორს ხედავს, რომელიც პრაგმატულად მოაზროვნეა.


მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს ისრაელთან, ვერ ვიტყვით, რომ ბაქო თეირანის მოწინააღმდეგეა (ირანი ხომ ისრაელს დაუძინებელ მტრად მიიჩნევს). ბოლო სამი წლის განმავლობაში ილჰამ ალიევი ირანს სამჯერ ეწვია. ყალიბდება თეირან-ბაქო-მოსკოვის ღერძი, რომელსაც სტრატეგიულს ჯერ ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.


რაც შეეხება აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობას თურქეთთან, ამ საკითხზე უკვე ტომებია დაწერილი, თუმცა, რასაკვირველია, მათი პოზიციები ყოველთვის ერთნაირი არ არის. მაგალითად, სირიის საკითხში, არაოფიციალურად, აზერბაიჯანი უფრო რუსეთის მხარეს გამოდის, ვიდრე თურქეთის სასარგებლოდ. ასევე, ბაქო არ ანიჭებს უპირატესობას ანკარის მედიატორობას, მოსკოვთან მიმართებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში. აზერბაიჯანი არ იზიარებს თურქეთი ანტიისრაელურ პათოსს. ბაქო ეჭვით უყურებს რეჯებ ერდოღანის მცდელობას მუსტაფა ქემალის მემკვიდრეობის რევიზიის თაობაზე. ქემალიზმი აზერბაიჯანისათვის უფრო ახლოა: ბაქო მიიჩნევს, რომ ალიევიზმი ქემალიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.


აზერბაიჯანი და საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ისტორიულ მემკვიდრეობას უფრთხილდებიან: ორივე ქვეყანა საკუთარ თავს 1918-1920 წლებში არსებული სახელმწიფოების სამართალმემკვიდრეებად აცხადებს. ამით ისინი სომხეთისაგან განსხვავდებიან, რომელმაც დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირიდან დაშლის შემდეგ აღიდგინა. ამასთან, საქართველო და აზერბაიჯანი სხვადასხვანაირად უდგებიან საბჭოთა მემკვიდრეობას: ქართულ კალენდარში იშვიათად ნახავთ საბჭოთა პერიოდის საზეიმო-სადღესასწაულო თარიღებს, მაშინ როცა აზერბაიჯანის პოზიცია სრულიად განსხვავებულია.


რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ აზერბაიჯანში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰეიდარ ალიევის ფიგურას, რომელიც საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდა, ანუ საბჭოთა ეპოქის კრიტიკა ჰეიდარ ალიევის კრიტიკად იგულისხმება. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1818-1921 წლები) ლიდერებს - მამედ-ემინ რასულ-ზადეს და ფათალი ხანი-ხოელს, ჰეიდარ ალიევის ფონზე, მაინცდამაინც დიდი დაფასება არ აქვთ, მათ პორტრეტებს იშვიათად თუ სადმე შეამჩნევთ - მაშინ როცა ჰეიდარ ალიევის პორტრეტები ყოველ სახლზე და ყოველ ქუჩაზეა გამოფენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930