9-07-2018
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო
„ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, რაც სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის შეურაცხყოფაში გამოიხატა, ზ.კ-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ.თ.-ს მიერ იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ზ.კ-ს და სხვათა მიმართ, რა დროსაც სასამართლო პროცესზე 14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზ.კ. თვითნებურად გავიდა სხდომის დარბაზიდან და ჩავიდა პირველ სართულზე მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზ.კ-ს სხდომის დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს და განუმარტეს, რომ მოსამართლეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზის და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზ.კ. არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას და მოსამართლის მისამართით შეიგინა. პოლიციელთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ზ.კ.-მ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა მას, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას. აღნიშნულის გამო ზ.კ.-ს სასამართლო სხდომის დარბაზში მიყვანა პოლიციის მუშაკების მიერ იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით მოხდა.
ბრალდების მხარემ ზ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ზ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.
18-12-2024