13-09-2022
სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.
ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში - დარჩელში, კოკში, კიროვში, შამგონასა და ორსანტიაში მობილიზებულია 40-მდე სპეცტექნიკა, გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. აღნიშნულ სოფლებში მონიტორინგის შედეგად მიგრაციის ფაზაში მყოფი მავნებლის მეტი კონცენტრაცია დაფიქსირდა, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა წამლობა ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად დაიწყო. თერმული ნისლით 2340 ჰა ტერიტორია დამუშავდა.
შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება.
ღონისძიებებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების მაღალეფექტურობისათვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობამ, თითოეულმა ფერმერმა თავის საკარმიდამო ტერიტორიაზე ჩაატაროს საპრევენციო ღონისძიებები, რაც მავნებლის რიცხოვნობას მინიმუმადე შეამცირებს.
მავნებლის რაოდენობისა და საცხოვრებელი სახლებისკენ მათი მიგრაციის მინიმუმამდე შესამცირებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აგრძელებს ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცივი შესხურების ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა სიმინდის მასივები.
16-11-2024
16-11-2024