19-09-2022
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული პირობების შესრულების შესახებ 12 პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად მესამე ქვეყნებს ევალებათ ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტების შესაბამისად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) წევრი ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის სავალდებულოა, როგორც სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის ლიცენზირება, ასევე გემზე მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეგულირება.
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანო, პასუხისმგებელია კანონმდებლობით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხვედელობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირებისათვის - კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს საზედამხედველო ორგანოების აღჭურვას ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტებითა და საუკეთესო პრაქტიკით გათვალისწინებული მექანიზმებით, რომელიც აუცილებელია მასზე დაკისრებული ამოცანების ეფექტური რეალიზაციისთვის.
ფინანსთა სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით, აქტიურად მონაწილეობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა და რისკების შეფასების ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში და მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ სათამაშო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს გააცნო ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციით გასათვალისწინებელი საკითხები - სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე სანებართვო საქმიანობის შემოღება.
ასევე შეხვედრაზე განიხილეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების უცხოურ ონლაინ რესურსებზე წვდომის შეზღუდვების მექანიზმების დახვეწასთან დაკავშირებული საკითხები.