22-09-2022
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტ ბრიუს გოსპერს შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.
მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.
მინისტრმა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება და 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა.
ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, საუბარი შეეხო რეგიონულ ფორმატებში პარტნიორობის საკითხებს, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.
16-11-2024
16-11-2024