23-09-2022
გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
„2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული.
განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის" მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში" - მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის" 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, - მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა.
შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს.
ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.
„წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ.
ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ.
მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024