23-09-2022
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეობის დარგის ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, იმპორტიორები და ინფლუენსერები.
ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის ისტორია და კულტურა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა წარუდგინა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ კორეის ბაზარზე უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებზე ისაუბრა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ უერთიერთობებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციას. აღინიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოდან ექსპორტირებულია 84,470, ხოლო 2022 წლის 8 თვის მონაცემებით კი, 43,900 ბოთლი ღვინო.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა. კორეის ბაზარზე მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც მიმართულია ქართული ღვინისა და მეღვინეობის უნიკალური ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ, ჯერ არ განხორციელებულა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
ქ.სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wine 21" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. „Wine21" კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 2022 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, სეულში გამართულ გამოფენაზე „Seoul International Wine&Spirit expo" ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობდა, მიმდინარე წლის 26-28 აგვისტოს ჩათვლით გამოფენაზე „Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 24 მწარმოებლის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
16-11-2024
16-11-2024