გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპროკურორო საბჭოს საიტზე მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების სრული აუდიოფაილები აიტვირთა

11-07-2018

საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ საიტზე - pc.gov.ge მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან 11 ივლისს ჩატარებული გასაუბრების აუდიოფაილები აიტვირთა http://pc.gov.ge/block/Index/467.
საპროკურორო საბჭომ სამი წარდგენილი კანდიდატურიდან მთავარი პროკურორობის კანდიდატად ერთ-ერთი მათგანი შეარჩია. საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ ნინო გოგნიაშვილს და შალვა თადუმაძეს გაესაუბრნენ. მათი რეკომენდატორები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი იყვნენ. რაც შეეხება პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატ, შალვა შავგულიძეს, ის გამოცხადდა გასაუბრებაზე, მაგრამ წარმდგენი პარტიის წევრთან, პარლამენტარ ოთარ კახიძესთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც ამავე დროს საპროკურორო საბჭოს წევრია, კანდიდატურა მედიის წინაშე საჯაროდ მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზად კი საბჭოს მხრიდან გასაუბრებების პირდაპირ ეთერში გადაცემაზე უარის თქმა დაასახელა, იმის მიუხედავად რომ თითოეული კანდიდატის გასაუბრების აუდიო ჩანაწერი საჯაროა და საპროურორო საბჭოს საიტზე ქვეყნდება, ხოლო კენჭისყრის პროცესს მედიის წარმომადგენლები ესწრებიან და თვალს სრულად ადევნებენ. 

ორ კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ შალვა შავგულიძის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელთანაც ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრების მხრიდან უშუალოდ ტელეფონით გადამოწმდა სხდომის მიმდინარეობისას, ამ კანდიდატურისათვის კენჭი არ უნდა ეყარათ, მით უმეტეს, რომ მისი ხედვისა და მოსაზრებების მოსმენა ვერ მოხერხდა. შესაბამისად კენჭი ეყარა ორ კადიდატს - ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს. კენჭისყრის შედეგად არჩევანი შალვა თადუმაძეზე შეჩერდა. მან საბჭოს წევრების სრული შემადგენლობიდან - 15 წევრიდან 12 წევრის მხარდაჭერა მიიღო, რაც კანონის თანახმად საკმარისია იმისათვის, რომ კანდიდატურის წარდგენა საქართველოს მთავრობის წინაშე მოხდეს.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მიიღებს.

გასაუბრების პროცესი 10 საათზე დაიწყო და 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი პროკურორობის კანდიდატისათვის ხმის მიცემის პროცედურა ღია იყო ჟურნალისტებისათვის. მათ საშუალება ჰქონდათ, დაჰკვირვებოდნენ ხმის მიცემას, ხმების დათვლას და შერჩეული კანდიდატის გამოვლენას. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს სხდომას და გასაუბრებას, დებულების თანახმად, განხორციელდა სხდომის აუდიო ჩაწერა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია, ხოლო ორივე კანდიდატთან გასაუბრების აუდიო ჩანაწერები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე - pc.gov.ge, დღესვე აიტვირთება.

კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს საპროკურორო საბჭოს შემდეგი წევრები ესწრებოდნენ: თეა წულუკიანი, პოლიკარპე (თემური) მონიავა, ირმა ჭკადუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი, ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა. საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა ეკა ბესელია, რომელიც სამსახურებრივი მივლინებით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. სხდომასა და გასაუბრებებში მონაწილეობა არ მიიღო ოთარ კახიძემ გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე საბჭოს მხრიდან უარის გამო.



კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს ყველა წევრმა გარდა თეა წულუკიანის, ეკა ბესელიასი და ოთარ კახიძისა.



კენჭისყრაში მონაწილე საპროკურორო საბჭოს წევრებს ორ-ორი ბიულეტენი დაურიგდათ. თითოეულში მითითებული იყო მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრებმა თითოეულს ცალ-ცალკე მისცეს ხმა, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრებმა ორივე ბიულეტენი ერთ კონვერტში მოათავსეს და საარჩევნო ყუთში ჩაუშვეს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. „დღეს ჩემი მიზანია, დაინტერესებულმა პროფესიულმა წრეებმა და საზოგადოებამ დაინახონ, თუ რა მოლოდინები აქვთ კანდიდატებისგან საბჭოს წევრებს და როგორია მათი თავისუფალი არჩევანის შედეგი. შესაბამისად, ვასრულებ კოორდინაციის ფუნქციას იმისათვის, რომ თითოეულ კანდიდატს საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცეს და რომ საბჭოს თითეულ წევრს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს. კენჭისყრა გახლავთ ფარული და ის ასევე გამჭვირვალედ, ყველას თვალწინ ჩატარდა.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს (განაცხადების მიღების პერიოდი, როცა ორგანიზაციებს და კერძო პირებს მინისტრისთვის კანდიდატების წარდგენა შეეძლოთ) აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. პროცესში მონაწილეობა ჯამში 100-მდე უმაღლესმა სასწავლებელმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ყველა კანდიდატის წარდგინება და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყო საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge, სადაც მონაცემების ატვირთვა შემოსვლისთანავე ხდებოდა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ რამდენიმე პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საბოლოოდ, საპროკურორო საბჭოს სამდივნომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს 18-კაციანი სია წარუდგინა, საიდანაც მიხელ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს წევრებს განსახილველად სამი კანდიდატი წარუდგინა - ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე.

კანდიდატების შერჩევისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მახასიათებლებზე, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინაშე მდგომ ამოცანებსა და გამოწვევებს; კერძოდ, პროფესიულთან ერთად სამენეჯერო გამოცდილებაზე, ადმინისტრაციული მართვის გამოცდილებასა და უწყვეტი კავშირის არსებობაზე პროფესიასთან, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. მხედველობაში იქნა მიღებული პიროვნული მახასიათებლებიც, როგორიც არის მმართველობითი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და კვალიფიკაცია ამავე მიმართულებით, მიზანსწრაფულობა, პატიოსნება და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უფლებადაცვითი და აკადემიური პერსპექტივით ხედვის მქონე კანდიდატებზე. შესაბამისად, მხარდაჭერა დაიმსახურეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილნი არიან საკუთარი საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის განხრით ან აკადემიურ წრეებში არაერთი წლის მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. ორი კანდიდატის - ნინო გოგნიაშვილისა და შალვა თადუმაძის რეკომენდატორები აკადემიური წრეები იყვნენ, ხოლო მესამე კანდიდატის - შალვა შავგულიძის რეკომენდატორი - ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია.



მთავარი პროკურორობის კანდიდატთა გამჭვირვალე და კომპლექსური პროცედურების შედეგად შერჩევა საქართველოში მეორედ ჩატარდა. საპროკურორო საბჭო რეფორმის შედეგად 2015 წელს შეიქმნა და მან პირველად მთავარი პროკურორი 2015 წელს აირჩია. ეს თანამდებობა ირაკლი შოთაძემ დაიკავა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და შერჩევის პროცესში ხელისუფლების სამივე შტოს, ადვოკატების, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას. ეს რეფორმა დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, რომელმაც თავის 2015 წლის ნოემბრის საბოლოო დასკვნაში აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს შექმნა და მის მიერ მთავარი პროკურორის შერჩევა „ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე“ მექანიზმია და რომ ეს ნაბიჯი იყო „ძალიან მისასალმებელი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031