11-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში მყოფი ავტომანქანების რიცხვი დაახლოებით 1000 ერთეულით შემცირდება.
ეს განცხადება პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე უკვე განვაცხადე, რომ გარკვეული სტრუქტურების ის ხარჯი, რომელიც ჩვენ სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით გვაქვს, მიუღებელია და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი.
მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით.
აღნიშნული მანქანები რეალიზაციისთვის გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება.
ასევე, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება და დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად მივაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკისა და მისი მენეჯმენტის შექმნას, რომელიც უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები“-განაცხადა პრემიერმა.
18-12-2024