10-10-2022
„საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ სად ვართ დღეს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით და რა გამოწვევები გვაქვს, რაც სტრატეგიის შესავალ ნაწილშია მკაფიოდ მიმოხილული. ასევე - რა მიზნები და ორიენტირები გვაქვს კონკრეტულად დროში და რა პროგრესი გვექნება კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთვარობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.
მთვარობის სხდომაზე დღეს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 სტრატეგია და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა - ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის სწრაფად განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„დოკუმენტი სრულ თანხვედრაშია ჩვენს ვალდებულებებთან ევროკავშირთან მიმართებაში, ანუ ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები სრულადაა ასახული კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. იცით, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია კაპიტალის ბაზრის რეფორმის კუთხით და ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღეთ და კანონპროექტები წარვადგინეთ პარლამენტში. დღესაც ერთ-ერთი დამატებითი კანონპროექტი დაამტკიცა მთავრობამ - სეკიურიტიზაციის შესახებ, რომელიც პარლამენტს დღესვე წარედგინება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წლის განმავლობაში მთავრობას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა ექნება, რომლებიც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს უფრო მეტად განავითარებს. მისი თქმით, ამავე დროს ამ გეგმაში საუბარია ინსტიტუციურ მოწყობაზე და ინსტიტუციური შესაძლებლობების იმგვარად განვითარებაზე, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმითაა გათვალისწინებული, ქმედითი იყოს და არსებობდეს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები.
„ამის შესახებ საუბარი გვქონდა კერძო სექტორთანაც, ბიზნესასოციაციასთან შეხვედრისას - რომ ჩვენ საბანკო დაკრედიტების გარდა გვჭირდება ალტერნატიული, მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები და სწორედ ამ კუთხით ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის სწრაფად განვითარებაა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024