13-07-2018
ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკაბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" განიხილა.
კომიტეტის წევრებმა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დეკლარაცია იქნა მიღებული, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნატო რჩება „ღია კარის“ პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მიმართ.
„განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას აქვს ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოდერნიზებისა და რეფორმების პროცესთან დაკავშირებით. ითქვა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას განსაკუთრებით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ მთავარი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ადეკვატურ დაფინანსებას, რაც იყო ასევე, სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა, კერძოდ, ის რომ ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ი, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტიდან 20%-ი უნდა მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორი ქვეყანა ნატოსთვის და სამაგალითო სხვა წევრი ქვეყნებისთვის“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა ძალაშია. „ყველა წევრმა ქვეყანამ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გაზაზე საქართველოს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც მისივე თქმით, ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს. ლევან იზორიამ კომიტეტების წევრებს ტოტალური თავდაცვის სხვადასხვა კომპონენტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
„რეფორმებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს გახლავთ ნამდვილად საჭირო და აუცილებელი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას. ეს გახლავთ კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია დ საზღვრის დაცვა“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე. მისი განცხადებით, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება სამი ძირითადი ფუნქციის მატარებელი კრიმინალური პოლიცია: საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საუბნო მიმართულებით კრიმინალურ პოლიციაში ჩნდება ახალი ინსტიტუტი - მართლწესრიგის ოფიცერი.
კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ: „გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება რეფორმების ძირითადი მიმართულება და ეს არის ყველაზე საჭირო და აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმირების“. მან სხდომის მონაწილეებს ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული ნაბიჯები გააცნო.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეფორმები სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს, ესენია: სტრუქტურული, შინაარსობრივი და კანონმდებლობის ცვლილების კუთხით.
გიორგი გახარიამ ისაუბრა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესის ცვლილებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციაზე, სანაპირო დაცვის მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებზე, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ყოველი თანამშრომელი ყოველთვის იქნება მზად პარლამენტის წინაშე წარმოადგინოს გეგმები, ხედვები და გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც დაებადებათ დეპუტატებს და რა თქმა, უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სისტემა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და მართლწესრიგის ხარისხი იყოს კიდევ უფრო მაღალი ჩვენ ქვეყანაში. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეფექტური და პოლიტიკურად თავისუფალი შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ ის ინსტიტუცია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეუქმნის საშუალებას გამოწვევების მაგივრად შესაძლებლობების ქვეყანაში იცხოვროს“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმინეს.
„ჩემთვის, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ყოფნა იყო ყოველდღიური ტვირთი და პასუხისმგებლობა. ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა არ არის მარტივი სატარებელი, მაგრამ მე ვფიქრობ და ამ ტრიბუნიდან ვაცხადებ, რომ ჩვენ, მე და იმ ექვსი ათასამდე იუსტიციელმა, რომელიც ამ უწყებაში მუშაობს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვეერთგულა იმ ღირებულებებისთვის, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვედით სათავეში“,-განაცხადა თეა წულიკიანმა.
მისივე თქმით, რომ არა იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული მასშტაბური რეფორმები, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი ერთსულოვნად უჭერდა მხარს, საქართველო ხელს ვერ მოაწერდა 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
„მართლმსაჯულების რეფორმაში ჩვენს მიერ შემოთავაზებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების სამი ტალღის განხორციელების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით დავახლოვებოდით ევროპულ სივრცეს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ადგილი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ასევე სხვა რეფორმებზეც, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მოუტანა.
„მომავალში ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება და რეფორმა, არაერთი ნოვაცია, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს მზად და ახლა უკვე ახალ სისტემასთან - პენიტენციურ სისტემასთან ერთად გავაგრძელებთ პროგრესის გზაზე სიარულს“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობა, ასევე შეიქმნება კომერციული პალატები, მედიაციის კანონი და გადახდისუუნარობის თანამედროვე სისტემა.
პენიტენციურ სისტემაზე საუბრისას, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გაგრძელდება, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა ყოფილი პატიმრების საზოგადობაში ინტეგრაციის საკითხს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა ემსახურება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას - მშვიდობიან გაერთიანებას და სწრაფვას ერთიანი ევროპული მომავლისაკენ, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები და იდენტობა არის დაცული განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად მიმდინარე ოკუპაციისა და სხვადასხვა პროვოკაციებისა, გატარებული პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდა მშვიდობის შენარჩუნება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„სწორედ ამიტომ, მშვიდობის უზრუნველყოფა და სტაბილურობა იქნება მომავალშიც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებულების, კერძოდ: დევნილების, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისა და უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების საჭიროებებზე და მათ მხარდამჭერ პროგრამებზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა მთვარობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობაზე და მის იმპლემენტაციაზე. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.
მოხსენებების შემდეგ, მინისტრებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირეს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.
18-12-2024