14-10-2022
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე ძალიან მალე დაისჯება:
„უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს, ღმერთო აშორე ყველას განსაცდელი. ნამდვილად არ მინდოდა არანაირი პოსტის გამოქვეყნება, არც პოლიტიკური კეკლუცობაა ჩემი სტილი, რასაც ვფიქრობ, ღიად ვუფიქსირებ ადრესატებს!!! როდესაც მთელი ერი გლოვობს და ქვეყანა პატარა ანგელოზის გარდაცვალებამ შეძრა, არსებობენ ხალხი, რომლებიც მუდამ სხვისი ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკური ქულების მოხვეჭას! უსამშობლო ხალხი, საქართველოს მტრები!!! კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ანგელოზის გარდაცვალების გამო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ყველა დამნაშავე დაისჯება, ძალიან მალე“, - წერს სამხარაძე.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.
დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
16-11-2024
16-11-2024