20-10-2022
„მას შემდეგ, რაც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ დაესწრო ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის განხილვას, არ დაესწრო მართლწესრიგისა და მართლმსაჯულების საკითხების განხილვას, არ არის გასაკვირი, რომ არ დაესწრო არც საგარეო პოლიტიკის საკითხების განხილვას და მინისტრის მოხსენებას.
ეს არის პირდაპირ ანტიევროპული ქცევა და ანტიევროპული პოლიტიკა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ამომრჩეველი განდობს მანდატს, რომ ოპონირება გაუწიო ხელისუფლებას და არ ხარ დარბაზში, სწორედ, ამით იწყება ანტიევროპულობა, რადგან შენს ამომრჩეველს არ სცემ პატივს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო ევროპელი პოლიტიკოსებისგან.
„პირველი, როდესაც ისინი არჩევნების შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში და რვათვიან ბოიკოტში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდებოდა ფუნქციური პარლამენტი და პანდემიის გამო იყო კრიზისი. მაშინ ევროპელებმა და ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა პირდაპირ გითხრეს, რომ თქვენ ძირს უთხრით ქართულ დემოკრატიას და უნდა შეხვიდეთ პარლამენტში.
მეორე ყვითელი ბარათი სულ ახლახან მიიღეთ, როდესაც ევროპის დელეგაცია იყო ჩამოსული და პირდაპირ გითხრეს, რომ უნდა ჩაერთოთ სამუშაო პროცესში ევრორეკომენდაციების შესრულების დროს და მაგის დამსახურებაც არის, რომ ამ კვირაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ზოგიერთი თქვენგანის ხმები არის. თუმცა, ისინი, ვინც თავს რეფორმატორებს უწოდებს, სწორედ, ანტირეფორმატორები აღმოჩნდნენ ამ ორი დღის განმავლობაში და მხარი არ დაუჭირეს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც პირდაპირ ევრორეკომენდაციების განხორციელებას ეხება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
16-11-2024
16-11-2024