გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე: მწვანე ეკონომიკის პრინციპების კერძო სექტორში დანერგვა ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას

25-10-2022

„თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა ახალი ტიპის - მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას ახალი ტიპის, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა კერძო სექტორში ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას; ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იწვევს დანახარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის ამაღლებას. შედეგად, მივიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნეს გარემოს, ბაზრის დივერსიფიკაციას, მეტი სამუშაო ადგილებს და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ მაღალი დონის დიალოგის" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.


ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას, მათ შორის მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების სისტემების შექმნას. ეკოეტიკეტირება მდგრადი საჯარო შესყიდვების ერთ-ერთ იმ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი. ამასთან, მდგრადი საჯარო შესყიდვები განიხილება, როგორც ეფექტური გზა, მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად. კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ EU4Environment (ევროკავშირი გარემოსთვის) პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.


მინისტრის მოადგილის თქმით, მწვანე პროდუქტების და სერვისების მწარმოებლებისათვის მდგრადი საჯარო შესყიდვები უზარმაზარ შესაძლებლობას ხსნის. „ჩვენი სამინისტრო გეგმავს მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავებას. მდგრადი საჯარო შესყიდვები და ეკო-ეტიკეტირება მწვანე ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. მდგრადი საჯარო შესყიდვებისას, საჯარო ხარჯები ხელს უწყობს კერძო სექტორს, რათა მან თავის საქმიანობაში გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი და სოციალური მახასიათებლები, ეკო-ეტიკეტირება კი ქმნის საბაზრო სტიმულებს და წამახალისებელ მექანიზმებს, რომ მომხმარებლებმა არჩევანი გააკეთონ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ მდგრადობის გარკვეულ მოთხოვნებს," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველო შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მწვანე ზრდის დეკლარაციას, რომლის ძირითად მიზანს წარმოდგენს ქვეყნებში დაბალ-ნახშირბადიანი მდგრადი ეკონომიკისა და შესაბამისი „ჭკვიანი", უსაფრთხო და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ეფუძნება სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების, განახლებადი ენერგორესურსებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კვლევების განვითარების პრინციპებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930