26-10-2022
ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“.
თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, არსებული გამოწვევების ფონზე, ჯარის პოპულარიზაციის, ტოტალური თავდაცვის, რეზერვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელობაზე.
მისი განცხადებით, უწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძლიერი რეზერვის მოდელზე მუშაობს
„ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ თავდაცვის კოდექსში რეზერვისა და წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციაზე. ვიხელმძღვანელეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითით. ვიმედოვნებ, ამ დოკუმენტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ, რომლითაც მომავალი 10-20 წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციასა და ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესზეც ისაუბრა.
„ჯარის პოპულარიზაცია არის საკითხი, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ვერ წარმომიდგენია ამ პროცესს ვინმე აზიანებდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ხედავთ, მასიურ წინააღმდეგობას, ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას, შუღლის ჩამოგდებას... ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ სამხედრო სამსახური მეტად პოპულარული გავხადოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
„ჯარი დედაქალაქის ცენტრშიც კი, პოპულარული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაჭირვებულია ეს ოჯახი თუ მატერიალურად ძლიერია. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ჯარის გაცნობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ კომუნისტური თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სატელევიზო ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ცივილურ სამყაროში საზოგადოებისათვის ჯარის ინსტიტუტისა და ჯარისკაცის მნიშვნელობაზეც და მიმოიხილა თავდაცვის კოდექში ჯარისგან თავის არიდების დამცავი მექანიზმები.
16-11-2024
16-11-2024