გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): დღეს საქართველოს ნატოში მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

14-07-2018

აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტის შედეგებს საქართველოსთან მიმართებით: მასში განხილულია საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრები, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე და სხვა საკითხები. პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ისტორიაზე, მასში გამოთქმულია გარკვეული პროგნოზებიც.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„როგორც ცნობილია ,საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი 2000 წელს გამოხატა, როცა ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იაპონელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა - „საქართველო 2005 წელს ნატოს კარზე დააკაკუნებსო“, ხოლო 2002 წელს ალიანსის პარიზის სამიტის დროს საქართველომ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ნატოში გაწევრიანების მიზნით.


საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო, როცა საქართველო ალიანსის პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა: ალიანსმა თბილისთან ინტეგრირება „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის“ ფორმატით გააგრძელა. 2008 წლის აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებში, მომავალში ნატოს წევრები გახდებიან. თუმცა იმავე სამიტზე ორივე ქვეყანას უარი უთხრეს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის“ („მაპ“-ის) მიცემაზე, რაც, პრინციპში, ნატოს წევრად მიღების პირველ ეტაპს წარმოადგენს.


2008 წლის სექტემბერში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე შეიქმნა „ნატო-საქართველოს კომისია“, რომლის მიზანი ალიანსში საქართველოს ინტეგრაციაა. ნატოს მაშინდელმა გენმდივანმა ანდერს ფოგ-რასმუსენმა იმედიანად აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობის განმკიცებაში, ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის სახით.


მაინც რა სურს საქართველოს ნატოში ინტეგრაციით? თბილისისათვის მიმზიდველია ალიანსის წესდების მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ შემთხვევაში მოქმედებს კოლექტიური უსაფრთხოების, კოლექტიური დახმარების პრინციპი. მაგრამ საქართველოს მთავარი კითხვა - ნატოში გაწევრიანების ვადა - ჯერ-ჯერობით კვლავ უპასუხოდ რჩება. დღეს არსებული წესებისა და მდგომარეობის მიხედვით, საქართველოს მიღება თავის რიგებში ალიანსს არ შეუძლია, მაგრამ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მე-5 მუხლი შეიცვლება (ანუ მასში ჩაიწერება „დროებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“ - ისევე როგორც ეს მოხდა 1951 წელს, როცა ნატოში თურქეთი და საბერძნეთი მიიღეს, მაშინაც მე-5 მუხლში სპეციალური შენიშვნა იქნა შეტანილი).


ბოლოსდაბოლოს, განა რა ისეთი პრობლემაა საქართველოს მიღება? ფეხბურთშიც ხომ არსებობს აკრძალვა ბურთის ხელით თამაშზე, მაგრამ ზოგიერთებს შეუძლიათ ეს წესი შეცვალონ და ისე ითამაშონ, როგორც თვითონ სურთ. თუ აშშ მოისურვებს, ის საერთოდ არ დაემორჩილება იმ წესებს, რომლებიც მას აღარ აწყობს. Pax Americana ხომ სწორედ მთელ მსოფლიოში სრულ და უკონტროლო ბატონობას ნიშნავს.


ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ფაქტიურად განიარაღების გზას დაადგნენ, მთლიანად ამერიკის იმედზე დარჩნენ, რომ საფრთხის შემთხვევაში მათ - „გაუბედავ და ზარმაც“ წევრებს ძლევამოსილი პენტაგონი დაიცავს.


დღევანდელ სიტუაციაში, როცა რუსეთის ინტერესების ფაქტორი არსებობს, როცა რუსეთს დიდი გავლენა აქვს საქართველოს ორ რეგიონზე, ამის გამო საქართველოს ნატოში მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ჰოდა, ასეთ პირობებში რატომ უნდა სურდეთ ქართველებს ალიანსში გაწევრიანება? მხოლოდ იმისთვის, რომ ნატოს ოპერაციებში საზარბაზნე ხორცი გახდნენ? იმ ოპერაციებში, რომლებშიც ალიანსის ძირ-ძველი წევრები მონაწილეობის დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ?“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930