გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ისეთ კავშირში ყოფნა, სადაც ბრძანებების, ("რეკომენდაციების") უპირობოდ შესრულებას მოითხოვდნენ, 70 წელი გაგვიგრძელდა და სისხლისა მსხვერპლის ფასად ძლივს დავაღწიეთ თავი

27-10-2022

თუ ვერ გავითავისებთ, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ და ვერ  გავთავისუფლდებით კომპლექსისგან „რას იტყვის ევროპა-ამერიკა“,  არაფერი გვეშველება. უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი  ქვეყანა მხოლოდ მაშინაა ჩვენი ქვეყნის პარტნიორიც და მეგობარიც, როდესაც მათთან თანამშრომლობა მოცემულ მომენტში ჩვენთვის მომგებიანია - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

მისი თქმით, ისეთ კავშირში ყოფნა, სადაც ბრძანებების ("რეკომენდაციების") უპირობოდ შესრულებას მოითხოვდნენ, 70 წელი გაგვიგრძელდა და სისხლისა  მსხვერპლის ფასად ძლივს დავაღწიეთ თავი.

 

"ღირსებაზე დაფუძნებული პარტნიორობა დღევანდელ მსოფლიოში  ყველა ქვეყანა ეძებს სტრატეგიულ პარტნიორებს, მოკავშირეებს, რათა გააძლიეროს საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ურთიერთხელსაყრელი პროექტების რეალიზაციით შექმნას მოქალაქეთა ცხოვრების  გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების პირობები. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ, ვინაიდან  ნებისმიერი ადამიანისთვის, ისევე როგორც  ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საკუთარი ინტერესები. ერთა შორის ძმობაზე და მეგობრობაზე უსაგნო საუბარი (უფროს ძმად სხვა ერის მიჩნევა ) მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდის რუდიმენტია. ვინც დღეს ისევ ამტკიცებს, რომ სხვა ერი თუ  სახელმწიფო ჩვენზე ზრუნვაში ათენ-აღამებს, ჩათვალეთ, მისი იდეოლოგიური პროპაგანდა გათვლილია საბჭოთა მენტალობის მქონე ადამიანებზე. საბჭოური სისტემა  ათწლეულების განმავლობაში ადამიანებს თავში უნერგავდა, რომ ჩვენი ერი განადგურება - გადაშენებისგან  „უფროს ძმად“ წოდებულმა რუსეთმა იხსნა. 

 

30 წელზე მეტია საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ადამიანების ტვინების გამორეცხვა ახალი ტექნოლოგიებით მაინც  გრძელდება. პროპაგანდის შედეგად საზოგადოების უდიდეს ნაწილს (როგორც საბჭოთა ეპოქაში)  დააჯერეს, რომ ამერიკელები თუ ევროპელები საქართველოზე  ზრუნავენ, როდესაც საუბრობენ ჩვენს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. არ ხდება  გააზრება - გაცნობიერება იმისა, რომ დასავლეთს ისევე როგორც ჩრდილოეთს, ჩვენს ქვეყანაში   საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. ეს არც გასაკვირი არც  დასაძრახი. როდესაც  ვთვლით, რომ გვინდა ევროპული კულტურის და პოლიტიკის, ზოგადად ევროპული ცივილიზაციის ნაწილი  გავხდეთ, უნდა დავინტერესდეთ, რა უნდათ მათ ჩვენგან, ვინ ვართ ჩვენ მათთვის - მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გეოგრაფიული პლაცდარმი, საზარბაზნე ხორცი თუ კიდევ სხვა რამ. ბოლო ხანებში, გამწვავებული საერთაშორისო ვითარების პირობებში, მკაფიოდ გამოიკვეთა ამ კითხვაზე პასუხი. ჩვენმა პარტნიორებმა არასაკმარისად მიიჩნიეს ის ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური დახმარება, რომელიც საქართველომ ომში მყოფ უკრაინას გაუწია. მოგვთხოვეს, უფრო აქტიური მხარდაჭერა, რაც ნამდვილად ნიშნავდა საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას.

 

ზღვარს გადასული ხასიათი მიიღო  უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდებებმა  ჩაგვრთონ წინასწარ  წაგებულ ომში. ომის დაწყების დღიდან, საქართველო, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების დამგმობი ყველა რეზოლუციის ხელმომწერი ან ინიციატორია. უკრაინიდან განუწყვეტლივ  შემოდინებული  ლტოლვილებისთვის  ადამიანური პირობების შექმნას,  სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხმარდება. აღსანიშნავია მრავალჯერადი  ჰუმანიტარული დახმარებები, რომელიც ქართველი  ხალხისა და  ხელისუფლების ძალისხმევით  გაიგზავნა უკრაინაში. ბუნებრივად იბადება  კითხვა:აბა მაშინ რაღა რჩება კიდევ უფრო აქტიურ  მხარდასაჭერად, თუ არა ომში ჩართვა? იქნებ მხოლოდ ჰაერზე ნათქვამ უარგუმენტო სიტყვებს უნდა დავუჯეროთ, რომ საქართველო არღვევს რუსეთისადმი დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? საქართველოს ხელისუფლების არა ერთი მოწოდების მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ, ბრალდების დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება დღემდე ვერ წარმოადგინა . ხბოს აღტაცებით ევროპა-ამერიკის შეგონებამ, ვიყოთ  მხოლოდ მათ იმედზე გაგვიჩინა კომპლექსები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიაში. თუ საღად, ფხიზელი თვალით  შევაფასებთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას დავინახავთ, რომ რუსეთთან არ დალაპარაკების პოლიტიკის ჩანაცვლება,  ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე მაღალი რანგის სტუმრების ჩაყვანით ფუჭი აღმოჩნდა.

 

მათი მხრიდან ნწუ-ნწუ-ს ძახილი და რუსეთის აგრესიის  სიტყვიერი დაგმობები ასევე უშედეგოა. საოკუპაციო საზღვართან  პერიოდული საპროტესტო აქციები, რომელიც კულმინაციურ მომენტებში შარვლების ჩახდაში გადადის სამარცხვინოა. ნატოს კარის მუდმივი ღიაობის დეკლარირება (შიგ შეშვების  გარეშე),  ევროკავშირიდან თითის ქნევით მოცემული რეკომენდაციები, როგორც ფორმით ასევე შინაარსით, შეურაცმყოფელი და ქვეყნის  ღირსების შემლახავია. ცარიელ   „ოპტიმიზმს“ უკრაინელების დაპირება- დაშანტაჟებაც დაემატა - ცოტაც მოიცადეთ, რუსეთს გავანადგურებთ და თქვენც მოგხედავთო. ჩვენზე "მზრუნველი"  უკრაინელი "პარტნიორები"  მუშტებს გვიღერებენ და სანქციების დაწესებით იმუქრებიან. თუ გავაანალიზებთ, ვის ახმოვანებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგები გახდება, რომ მათი პირით დასავლეთი გვემუქრება -  მორჩილებისკენ მოგვიწოდებს,  სანქციებს გვიწესებს, მეტსაც დაგმართებთო გვაფრთხილებს. მოკლედ, თუ ვერ გავითავისებთ, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ და ვერ  გავთავისუფლდებით კომპლექსისგან „რას იტყვის ევროპა-ამერიკა?“,  არაფერი გვეშველება. უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი  ქვეყანა მხოლოდ მაშინაა ჩვენი ქვეყნის პარტნიორიც და მეგობარიც, როდესაც მათთან თანამშრომლობა მოცემულ მომენტში ჩვენთვის მომგებიანია. ისეთ კავშირში ყოფნა, სადაც ბრძანებების ("რეკომენდაციების") უპირობოდ შესრულებას მოითხოვდნენ, 70 წელი გაგვიგრძელდა და სისხლისა  მსხვერპლის ფასად ძლივს დავაღწიეთ თავი. იზოლაცია მიუღებელია. არსებული რეალობიდან გამომდინარე უნდა ვეძებოთ მოკავშირეები ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და არა ინტერესების დათმობის ხარჯზე. სტრატეგიული პარტნიორიც და მტერიც  მხოლოდ მაშინ გვცემს პატივს  და გვაღიარებს, როცა ამას ჩვენი  ღირსეული ქმედებებით  დავიმსახურებთ" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930