გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში კონფერენცია - „მოზარდობის კრიზისი სოციალური და კულტურული კრიზისის კონტექსტში“, გაიხსნა

31-10-2022

მოზარდობის კრიზისს და სოციალური და კულტურული კრიზისის გავლენას მოზარდებზე განიხილავენ საქართველოს, ბულგარეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ფსიქოლოანალიტიკურ კონფერენციაზე „მოზარდობის კრიზისი სოციალური და კულტურული კრიზისის კონტექსტში.“ ორდღიანი კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, რომელსაც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი მარინე ჩიტაშვილი,ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი გიგა მამინაშვილი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოანალიტიკოსი საფრანგეთიდან ოლივიე დუვილი, ცნობილი ფსიქოლოგები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის თქმით, კონფერენციის შინაარსი ძალიან აქტუალურია, რადგან მოზარდობის პერიოდს ეხება. „ფსიქოანალიტიკური კონფერენცია მოზარდობის ღრმა ფსიქოლოგიურ მექანიზმებს და ზოგადად, იმ საკითხებს ეხება, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ როგორც ფსიქოლოგებმა, ასევე საზოგადოებამ. ძალიან დიდი მოლოდინები და იმედები მაქვს ამ კონფერენციიდან და ვაპირებთ მომავალშიც ვითანამშრომლოთ კონფერენციის ორგანიზატორებთან და ზოგადად, ეს მიმართულება განვავითაროთ ჩვენს ფაკულტეტზე,“ - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე; ასოციაცია Espace Analytique - Formation Psychanalytique Et De Recherche Freudienne (პარიზი); ასოციაცია ბულგარეთის ფსიქოანალიტიკური სივრცე (სოფია).   მასპინძელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი; ფსიქოლოგიის დეპარტამენტი; პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი. 

 

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებლის გიგა მამინაშვილის ინფორმაციით, მოზარდობის კრიზისი საქართველოში გამწვავებულია სოციო-კულტურული და იდენტობის კრიზისით, რომელსაც ქართული საზოგადოება ამჟამად გადის. „კონფერენცია იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც თვითონ საკითხი - მოზარდობის კრიზისი. მოზარდობა არის კრიზისული პერიოდი, რომელიც გულისხმობს ტრანსფორმაციას - სოციო-კულტურულს, სხეულებრივს. დღევანდელი კონფერენცია, ერთი  მხრივ, ეხება ფსიქოანალიტიკური პრიზმიდან დანახულ მოზარდობის ასაკის ფსიქოპათოლოგიას, მეორე მხრივ, კი მისი კონტექსტუალიზაცია ხდება სოციო-კულტურული კრიზისის და კულტურული კრიზისის კონტექსტში,“ - აღნიშნა გიგა მამინაშვილმა.

 

2023 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლინიკური ფსიქოლოგიის განახლებული სამაგისტრო პროგრამა დაინერგება, რომლის ერთი სრული კურსი სწორედ ფსიქოანალიტიკურ მიმართულებასთან იქნება კავშირში. „დღევანდელი კონფერენციაც ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლის წამყვანი სპეციალისტების მოხსენებებისგან შედგება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩვენი ფაკულტეტისთვის, სტუდენტებისთვის. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, განახლებული სამაგისტრო პროგრამა სხვა სამაგისტრო პროგრამებისგან განსხვავებით სამწლიანი იქნება და მესამე წელს  სტუდენტები სრულად კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან,“ - აღნიშნა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ლილი ხეჩუაშვილმა.

 

„კონფერენციაზე განვიხილავთ მოზარდობის საკმაოდ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდს. ეს არის საკუთარი თავის ამოცნობის, წინააღმდეგობებით სავსე, რთული  პერიოდი. ფსიქოანალიტიკოსები სწორედ ამაზე მუშაობენ - როგორ შეუწყონ ხელი მოზარდებს და გადაალახინონ, დააძლევინონ ეს წინააღმდეგობები, აპოვნინონ საკუთარი თავი. ეს კონფერენციაც სწორედ ამ თემას ეძღვნება, დარწმუნებული ვარ, ბევრ სიახლეს გავიგებთ,“-  განაცხადა ფრანგმა ფსიქოლოანალიტიკოსმა ოლივიე დუვილმა.

 

მოზარდობა წარმოადგენს კრიზისს, რომელიც როგორც ფსიქოაფექტურ და სხეულებრივ, ასევე სუბიექტის სოციო-კულტურულ ტრანსფორმაციასა და დაფუძნების ურთულეს პროცესს გულისხმობს. მოზარდობის კრიზისი გარდა ღრმად სუბიექტური ფსიქიკური სტრუქტურაციისა დაკავშირებულია საზოგადოებაში არსებულ კრიზისთან და საზოგადოების სტრუქტურაციის რთულ პროცესთან, რომელსაც დღეს საქართველოში ვაკვირდებით. მოზარდობის კრიზისი საქართველოში სოციო-კულტურული და პოლიტიკური კრიზისით არის დუბლირებული, რაც მოზარდობას, როგორც ასაკს, და როგორც ფსიქიკურ პროცესს, სოციალურ სიმპტომადაც აქცევს. სწორედ აღწერილ კონტექსტში განიხილება მოზარდობა კონფერენციაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930