გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი არ არის

14-07-2018

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ბოლო, დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, კოკა კობალაძის ბინაში პოლიციელების ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებზე და ხაზი გაუსვა პოლიციელების მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით სამინისტროს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ასეთი დადასტურებული ფაქტის გამოვლენისთანავე, პოლიციელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სამსახურიდან.


"გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ „ქეისთან“ დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის ქეისი და მე ამ თემასთან დაკავშირებით დღეს მინდა გავაკეთო კონკრეტული განმარტება. მოგეხსენებათ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინ, გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადგინდა და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ჩვენ გამოვიყენებთ დისციპლინური დასჯის უმკაცრეს ზომას - ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვილი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან, მსგავს საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის.


გარდა ამისა, ყველა მასალა რომელიც იქნა მოპოვებული გენისპექციის მიერ, გადაეცა საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ითანამშრომლებს მთავარ პროკურორთან თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც ახალგაზრდა, კონკრეტულად კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება.


გარდა ამისა, გენერალური ინსპექციის მიერ 6 თვის განმავლობაში უკვე გამოვლენილი იქნა დისციპლინური გადაცდომის 800-მდე შემთხვევა. აქედან 65 ადამიანი არის დათხოვნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან, მათ შორის საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციების თანამშრომლები.


ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როგორც მაგალითი, რომ ხშირად იყო პრეტენზია, ზოგ შემთხვევაში დასაბუთებული საყვედური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როდესაც საქმე ეხებოდა ოჯახში ძალადობას და იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს აფარებს ხელს. 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსია შემდეგი, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, ის ავტომატურად დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანას და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი რომელიც იქნება დადასტურებულად დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში- ჩვენ ვიქნებით პირველები ვინც მის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს.


იმედი მაქვს, რომ ამ გზით და პირველ რიგში გენერალური ინსპექციის ეფექტური მუშაობის გზით ჩვენ შევძლებთ ნდობის აღდგენას და გაღრმავებას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის"-განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031