2-11-2022
ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, ვაზისადმი სიყვარული და ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი, ლილუაშვილების ოჯახს დიდმა ბაბუამ მემკვიდრეობით გადასცა. დანატოვარი მცირე ბიზნესად აქციეს, საცხოვრებელ სახლში საოჯახო ტიპის სასტუმრო გახსნეს და თავიანთი სახელობის ღვინოც ჩამოასხეს.
,,მე და ჩემმა მეუღლემ, ზაალ ლილუაშვილმა, 2018 წლიდან დავიწყეთ ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში. მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა ღვინის ფესტივალში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ,რამაც გაზარდა ჩვენი ცნობადობა ბაზარზე. მოხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმრო.
სამწუხაროდ პანდემიამ სამომავლო გეგმები რადიკალურად შეგვიცვალა და არსებული ბიზნესიც მთლიანად გააჩერა. მისი დასრულების შემდეგ კი, ნელ-ნელა აღვადგინეთ წარმოება და ისევ დიდი სურვილი გვქონდა სასტუმროს იდეის განგვეხორციელებინა. თუმცა ფინანსური სახსრების უქონლობის გამო ვერ განვახორციელეთ."
2022 წელს, გავიგე, რომ ვანის მუნიციპალიტეტში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომდგენლები მართვადნენ შეხვედრას ბიზნესის წამოწყებისა და გაფართოების მექანიზმების შესახებ. სწორედ შეხვედრის ფარგლებში შევიტყვეთ სესხის უზრუნველყოფის - საკრედიტო-საგარანტიო სქემის შესახებ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გარანტორად ჩადგომას გულისხმობს" - მაკა ზარნაძე, თანადამფუძნებელი.
პროგრამამ დამფუძნებლებს არსებული ბიზნესის გაფართოების სტიმული მისცა და ტურისტულად მზარდ ვანის რაიონში აგროტურისტული ობიექტი გახსნეს. ვიზიტორებს, გარდა ღვინისა, ადგილობრივი წარმოების ჯემების, ჩირის, ჩურჩხელისა და ტრადიციული იმერული სამზარეულოს დაგემოვნებაც შეუძლიათ.
"აწარმოე საქართველოში" დაგვეხმარა იდეის სრულყოფაში. სააგენტოს პროგრამის ფარგლებში გავაფართოვე ჩემი ბიზნესი, კერძოდ დავამატე 4 ნომერი და სასადილო სივრცე. რომ არა ეს პროგრამა მხოლოდ საკუთარი ფინანსებით ამ მშენებლობას ვერ დავიწყებდი. მარანის ერთ სივრცეში ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ ჩვენი ღვინო და იმერული სამზარეულო, ითევზაონ ეზოში, თავისი ხელით დაფქვან წყლის წისქვილში სიმინდი და იქვე ბუხარში გააკეთონ ნეშოიანი მჭადები.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩავყარეთ წითელი ვაზის ჯიში ოცხანურის საფერე და დაახლოებით 3-4 წელიწადში მივიღებთ პირველ მოსავალს.
ამასთან ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში. ამით გვინდა ჩვენი კონტრიბუციაც შევიტანოთ ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციის გაზრდის კუთხით"- მათე ლილუაშვილი, თანადამფუძნებელი.
16-11-2024
16-11-2024