18-11-2022
სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ბაკალავრიატის პირველი კურსის წარმატებით დასრულებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სპეციალური საჩუქრები - სიგელები და პლანშეტები გადაეცათ: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს თამარ ახალკაცსა და ლორენა ალასანიას, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ნინო გორგილაძეს და ნატალი მესაბლიშვილს, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს მარიამ გვიმრაძეს და ნინო მაღრაძეს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს თინათინ თუთბერიძეს და ლუკა გულაშვილს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ლაშა თოთლაძეს და კონსტანტინე ფირცხალაიშვილს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ვანო სესიტაშვილს და საბა სამუშიას, თსუ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა“ სტუდენტებს ლუკა გოგინავასა და მარიამ ქამხაძეს.
განათლებისა და მეცნირების სამინისტროს სახელითწარჩინებულ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. „თქვენ ნამდვილად გამორჩეული, შესანიშნავი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდები ხართ – ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და მჯერა, თქვენი საქმიანობით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ საქართველოს საკეთილდღეოდ. დღეს, ამ ისტორიულ აუდიტორიაში იმყოფებით სტუდენტები, რომლებმაც თქვენი შრომით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად კარგად გაქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა, რაც მართლაც უდიდესი ატივიდა, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა,“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი რაოდენობით კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა, აუდიტორიები შესაბამისი აპარატურით აღიჭურვება, ტექნიკური ბაზა კი გაუჯობესდება. „უნივერსიტეტი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეფუძნება დამათთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად თსუ ყველაფერს გააკეთებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს დასახული, მათ შორის ყველა იმ პრობლემის მოკლე დროში მოგვარება, რაც ჩვენს სტუდენტებს აწუხებთ. უკვე მქონდა შეხვედრა ჩვენს სტუდენტებთან, მათგან ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინე და დავპირდი, რომ ვიქნები ყოველთვის გულწრფელი,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლაშა თოთლაძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ სტუდენტთა შორის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა. მისი თქმით, ასეთი ჯილდოს მიღება სტუდენტებისთვის დიდი მოტივაციაა. „პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტს ასეთი საჩუქრისთვის. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სტუდენტებისთვის მოტივაციას გვაძლევს იმისათვის, რომ მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ სწავლასა და კარიერული წინსვლის საქმეში,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა.
„ადამიანებს გვჭირდება ჩვენი შრომის შედეგების დანახვა და დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამის დასტურია. სიამაყის განცდა დამეუფლა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და თითოეულ სტუდენტს,“ - განაცხადა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ვანო სესიტაშვილმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვიდ ფაკულტეტზე ოცდახუთი ათასი სტუდენტი სწავლობს.
სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1941 წლის 17 ნოემბერს ლონდონში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა და 1946 წლიდან აღინიშნება.
16-11-2024
16-11-2024