19-11-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხებისდირექტორატის ხელმძღვანელს ლორენს მერედიტსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ევროპული სკოლის პროექტს რეგიონში ანალოგი არ ჰყავს და იგი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოში, ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას სთავაზობს. მინისტრის განცხადებით, ევროპული სკოლის პროექტის განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხებისდირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს პროექტის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ევროპული სკოლის პროექტის განხორციელება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავებას.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ახალი ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და 2024 წელს დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის მხარესთან, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის ყველა კომპონენტი ეფექტურად განხორციელდეს.
16-11-2024
16-11-2024