19-11-2022
კომუნიკაციების კომისიის მასპინძლობით საქართველოში პირველად ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ტარდება, რომლის მიზანი ინტერნეტ სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სექტორის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისებაა.
ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორთან ზვიად გაბისონიასთან, ICANN-ის ბორდის თავმჯდომარის მოადგილესთან დანკო ჯევტოვიჩსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან ეკა ყუბუსიძესთან ერთად გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე იმედაძემ ქვეყნის წარმატებისთვის ტელეკომ სექტორის როლსა და ამ დარგის განვითარებაში ინტერნეტ საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ინტერნეტმმართველობის ფორუმის ინიციატივა დააჩქარებს დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, კერძოდ ახალგაზრდებს, სახელმწიფოს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ტექნიკურ ექსპერტებს შორის. „ახალგაზრდული ფორუმი არის ადგილი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გამართონ დებატები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ცოდნა, ჩამოაყალიბონ და გააზიარონ თავიანთი პოზიციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომა და ხელმისაწვდომობა, ონლაინ-შინაარსი, მედია და ინფორმაციული წიგნიერება, უსაფრთხოება, მონაცემთა კონფიდენციალურობა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ 30 წლამდე ახალგაზრდები ინტერნეტის მომხმარებლების ყველაზე დიდი დემოგრაფიული ჯგუფია, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ინტერნეტის მართვის ფორუმზე და ციფრული დღის წესრიგის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ფართო ცოდნა ციფრული სამყაროს შესახებ, რომელთანაც ყოველდღიურად ურთიერთობენ და, შესაბამისად, იმსახურებენ უფრო ძლიერ როლს ინტერნეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში." - აღნიშნა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.
ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა სანდრო ქარუმიძემ მონაწილეებს საქართველოში ინტერნეტის განვითარების ისტორია გააცნო. სანდრო ქარუმიძემ ასევე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინტერნეტმმართველობის პროცესში დაინტერესებული მხარეების როლს დაეთმო. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებთან ინტერნეტის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე, ბაზარზე კონკურენტულ გარემოსა და მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა რესურსების სწორ განაწილებაზე, ხარისხიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობასა და მომხმარებლისთვის ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებზე.
ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 19 და 20 ნოემბერს ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმის - GeoIGF 2022-ის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს (ISOC Georgia) მასპინძლობით და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ინსტიტუციური მხარდაჭერით ტარდება, რომელსაც კოორდინაციას მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) უწევს.
16-11-2024
16-11-2024