გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლუკ კოფი: ათი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არა პირიქით, რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი  

18-07-2018


„დღეს, რუსული ჯარი ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არა პირიქით. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი“ - ამის შესახებ „Heritage Foundation”-ის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გამართულ მოსმენაზე, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“ მოხსენებით წარსდგა.

 

ლუკ კოფიმ საკუთარ გამოსვლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამუდმებული დარღვევების შესახებ.

 

მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში.

 

“საქართველო ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ მოკავშირეებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას ასევე დიდ მნიშვნელობას სძენს აშშ-ს გეოპოლიკიტური მიზნებისთვის ევრაზიის რეგიონში. იგი მდებარეობს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია  სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროებში. “

 

ლუკ კოფის თანახმად  საქართველომ განვლო წარმატებული გზა დემოკრატიისკენ და ამ კუთხით იგი რეგიონში სამაგალითოა.

 

 მისი  განცხადებით, საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა აშშ-ის ინტერესშიც შედის: “საქართველო ევროპაში  წარმოადგენს იდეას, რომლის მიხედვითაც ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება განსაზღვროს მისი გზა და გადაწყვიტოს ვისთან სურს ურთიერთობა.  საქართველომ მრავალმხრივ დაამტკიცა აშშ-სა და ნატო-სადმი სწრაფვის სურვილი, და ახლა არ არის დრო აშშ-ის მიერ ზურგის შექცევის“.

 

 2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.

 

 აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს  და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით. ​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031