გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს

18-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.


ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.


„ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.


გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031