„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარტიაში ბიძინა ივანიშვილს არ მიუღია და არც მის გარიცხვაში იღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, პარტიის სამდივნოს ხუთმა წევრმა, თავი დაიკნინა, როდესაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილს კითხა.
„მე გავიგე ისევ და ისევ თქვენი მეშვეობით, ისე, როგორც ძალიან ბევრ რამეს ვგებულობდით თქვენი მეშვეობით მინისტრების კანდიდატებზე, გათავისუფლებაც თქვენი მეშვეობით გავიგე, უმრავლესობასთან ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმაა, ვფიქრობ, რატომ უნდა დახარჯონ დრო, ენერგია ახსნაზე, ან პოზიციების შეჯერებაზე, მაგრამ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყვეტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენის, მაგრამ ვფიქრობ, ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის, როგორც იტყვიან, არამეფის საქმეა, რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა. ეს საკითხი ასეთ დონეზე არ წყდება. თუმცა ქალბატონი თამარი იძახის, რომ შეუთანხმეს, ამით რა თქვეს, ვერ გავიგე, რომ თვითონ ამ ხუთმა ადამიანმა ისევ თავიანთი თავი დააკნინეს, მაშინ რატომ აქვთ ეს თანამდებობები თუ კიდევ ვიღაცას უთანხმებენ, ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ეს თანამდებობი, იყოს მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს.
ვფიქრობ, რომ მე ვარ გამარჯვებული, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანს ის პრეტენზიები წავუყენო, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია. განცხადების შინაარსი და კომენტარი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის და ბატონი ზაქარიასი, ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი პოლიტიკური აღმოჩენა, როდესაც მე დავტკბი იმით, რომ ზაქარია ქუცნაშვილს და თამარ ჩუგოშვილს თურმე ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ დემოკრატიაზე, მორალსა და ეთიკაზე,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.