სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
ამის შესახებ სუს-ში ბრიფინგზე განაცხადეს.
„გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის გამოსავლენად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე შეისყიდეს, რითაც უტყუარად დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდება.
ანტიკორუფიცული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში ჩაატარეს ჩხრეკა შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებში: შპს „ენძელა“-ში, შპს „ნალი“-ში, შპს „ფარმა 2016“-ში, შპს „ფარმაგიდი +“-ში, შპს „მ.ქ. ფარმა“-ში, შპს „მულტი ვსლ“-ში, შპს „დათუჩა“-ში, შპს „სან ფარმა“-ში, შპს „ნინფარმი“-ში, შპს „იმედი +“-ში, „შპს „ნანფარმა“-ში, შპს „ფარმა-27“-ში, შპს „ნათი+“-ში, შპს „პოლისიფარმა“-ში და შპს „იმედი“-ში.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები.
საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას“- ნათქვამია სუს-ს განცხადებაში.