გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინაში ომის ეკონომიკური და ჰუმანიტარული შოკები გლობალურად უფრო გაიზრდება, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ეს გამოწვევები დავძლიოთ

5-12-2022

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინაში ომის ეკონომიკური და ჰუმანიტარული შოკები გლობალურად კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა შევეცადოთ და დავძლიოთ ეს გამოწვევები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ომისა და პანდემიის ეკონომიკური შოკების მართვა" სიტყვით გამოსვლისას. შეხვედრა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს.


მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელშიც აღწერილია უკრაინის ომის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე და არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და შესაძლებლობები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო შეუერთდა ან მხარი დაუჭირა 400-მდე რეზოლუციას, ერთობლივ განცხადებას და სხვა ინიციატივას, რომელიც გაკეთებული ან შემოთავაზებული იყო უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყებიდან არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და, ასევე, ქვეყნის შიგნით ეხმარება საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ მოქალაქეებს, მათ შორის 30,000 უკრაინელს, რომლებიც ომში დაზარალდნენ და ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.

„საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ მდგრადია გლობალური პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკური შოკების მიმართ. 2021 და 2022 წლებში ქვეყანამ შეძლო ორნიშნა, დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ეკონომიკური ზრდა მრავალ ფაქტორზეა დაფუძნებული, მათ შორის საგარეო და შიდა მოთხოვნის ზრდა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის ზრდას ტრანსპორტის, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და მომსახურების სექტორებში," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ორ კვარტალში ორჯერ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა ქვეყანაში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. ასევე 34 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან, ხოლო 2021 წელს ცენტრალურ დერეფანში სატვირთო მიმოსვლამ 10 ათას TEU-ს მიაღწია და წელს ამ მარშრუტზე ზრდა 20%-ზე მეტია. კიდევ ერთი სექტორი, რომელზეც ირაკლი ნადარეიშვილმა გაამახვილა ყურადღება ტურიზმზე, რომელიც ამჟამად გადის მნიშვნელოვან პერიოდს - საქართველოში მიმდინარე წელს თითქმის 4,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, ხოლო სექტორის ეკონომიკური წვლილი 102%-ით დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს. ამავე დროს, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზეც, მათ შორის, გაზრდილ ინფლაციაზე და მისი დაძლევის გზებზეც.


თავის გამოსვლაში, ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა გამოწვევებზე ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვებსა და რთულ ენერგეტიკულ ვითარებაზე ევროპაში. „სავაჭრო მარშრუტების ცვლასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ შუა დერეფანი შეიძლება გახდეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა და აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სიმძლავრეები და გამართული მუშაობა წარიმართოს მზარდი ნაკადებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საკვანძოა ფაქტორია ზღვაზე კავშირის ათვისებისთვის და ფოთის პორტში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ პროექტად. ამასთან, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდება ახალი კვლევა საქართველოდან რუმინეთში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარების შესახებ.


მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. მისი თქმით, საქართველო მიზნად ისახავს საკუთარი რესურსების შემდგომ განვითარებას და იმპორტის შესაძლებლობების დივერსიფიკაციას. მინისტრის მოადგილის თქმით, პრიორიტეტულია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლითაც სამხრეთ კავკასიის ენერგოქსელი ევროკავშირისას დაუკავშირდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930