გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადებებიდან შედეგი უკვე მივიღეთ - რომ არა საზოგადოების სწორი ჩართულობა, დღეს ქვეყანაში ასეთი სტაბილური ვითარება არ იქნებოდა და მას მშვიდობის კუნძულის სტატუსი არ ექნებოდა

6-12-2022

[„ხალხის ძალის“ განცხადებების] შედეგი და ეფექტი არის ის, რომ, ამ ეტაპზე, რისკები თავიდან ავიცილეთ, თუმცა ისინი კვლავ არსებობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დიმიტრი ხუნდაძემ, „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. მან საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება.


„ამ წერილის მიზანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს. თანდათან, ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც ვხედავთ, „აგენტოკრატიის“ მხრიდან როგორ გამძაფრდა დემოკრატიის სახელით ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, პრაქტიკულად, 2012 წლის შემდეგ დაიწყო, ახლა კი (2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მესამედ მოიგო) ეს ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. როგორც ჩანს, ქვეყნის შიდა თუ გარე აგენტებისთვის მიუღებელია, რომ ხელისუფლება არ არის მორჩილი, არ არის უპირობო შემსრულებელი. ვიდრე „ხალხის ძალა“ ფორმირდებოდა, განცხადება გავაკეთე. ევროკავშირის მიერ წამოყენებულ უსამართლო პირობებზე ვსაუბრობდი და თავდასხმის აქტიური ობიექტი გავხდი. მას შემდეგ ყველამ ვნახეთ ეს უსამართლო დამოკიდებულება - საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო - მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ (უკრაინაზე არ ვსაუბრობ, რადგან გასაგებად იყო ნათქვამი, რომ, თურმე, ყველაზე დიდი პირობა ომში მონაწილეობის მიღება ყოფილა). ბოლომდე სამართლიანობას აქაც ვერ ვხედავ, რადგან საქართველომ [ომში] იქამდე მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება მოლდოვასთან დამოკიდებულებას - თუკი ამ ქვეყნის შემთხვევაშიც ის პირობებია, რომლებიც ჩვენ წამოგვიყენეს (რომ უნდა იყოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი, პრესის თავისუფლება, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი) ყველა ამ პირობით, საქართველო უპირატესი იყო, თუმცა განსხვავებული სტატუსი მიიღო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


მისივე თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.


„მესმის, რომ დიდი ომია მოსაგები და, შესაძლოა, საქართველოში მეორე ფრონტი მნიშვნელოვანი შენატანი იყოს სასურველ შედეგზე გასასვლელად, მაგრამ ეს საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. ძალიან მძიმე წარსული გვაქვს გამოვლილი, ჩვენი ტერიტორიები დღეს ოკუპირებულია, ამიტომ როდესაც პოლიტიკოსი ხარ, საზოგადოებისგან რომ ხარ არჩეული, ეს უნდა გაითვალისწინო. მეც და ჩემი თანაგუნდელებიც სხვისი ინტერესების გათვალისწინებისთვის არ ვიბრძვით. უპირატესი ჩემი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია და ჩვენ ამის დამცველები ვიქნებით“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.


„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, უკრაინის მხარდასაჭერად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს.


„[„ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადებებიდან] შედეგი უკვე მივიღეთ - რომ არა საზოგადოების სწორი ჩართულობა, დღეს ქვეყანაში ასეთი სტაბილური ვითარება არ იქნებოდა და მას მშვიდობის კუნძულის სტატუსი არ ექნებოდა. პრაქტიკულად, ირგვლივ ყველგან აქტიური საომარი მოქმედებებია, ზოგან - ამის ყველა პირობა არსებობს, საქართველო კი მშვიდობის კუნძულია. ეკონომიკური მაჩვენებლებიც მზარდია. [განცხადებებით] ეფექტი მიღწეულია და მას ბოლომდე მივიყვანთ, რათა საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა, განვითარების ტემპი არ შეაჩეროს და ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც სადმე კი არ დანიშნავენ (და აგენტოკრატიისთვის საინტერესო კრიტერიუმებით, ანუ მორჩილებით კი არ გაზომავენ), არამედ, ხელისუფლებას საზოგადოება აირჩევს და თუ საზოგადოებას საკუთარი ხელისუფლება აღარ მოეწონება, ამისთვის არსებობს საარჩევნო წესი. როცა პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი წარადგინა, ეუთო/ოდირმა საკმაოდ დადებითი შეფასებები და რეკომენდაციები გასცა. ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდება. [„ხალხის ძალის“ განცხადებების] შედეგი და ეფექტი არის ის, რომ, ამ ეტაპზე, რისკები თავიდან ავიცილეთ, თუმცა ისინი კვლავ არსებობს. პრაქტიკულად, ყოველდღე გვახსენებენ, რომ თითქოს, საქართველო [უკრაინისთვის] რაღაცას არ აკეთებს. ეს „რაღაც“ კი არის ომში არ ჩართვა. საქართველომ, პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დონეზე, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ, საქართველო ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ სახიფათო იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930